გოგრა, ყაბაყი, პატისონი – აღწერილობა, მოვლა-მოყვანა

წარმოშობა და ბოტანიკური აღწერილობა. გოგრა არის გოგრისებრთა ბოტანიკური ოჯახის წარმომადგენელი ერთწლიანი, ერთსახლიანი, გაყოფილსქესიანი და ჯვარედინად დამამტვერიანებელი მხოხავი ან ხვიარა მცენარე.

გოგრის ნაყოფები სხვადასხვა ზომის და ფერისაა. კანი შესაძლებელია იყოს მეჭეჭებიანი, გლუვი, დაკუთხული. ფორმა კი – მრგვალი, ოვალური, გრძელი და სხვ. გოგრის ნაყოფების მასა  დიდ დიაპაზონში მერყეობს (1 კგ-დან 30 კგ-მდე) და ძირითადად ჯიშის თავისებურებებზეა დამოკიდებული, თუმცა მოყვანის პირობებიც დიდ როლს ასრულებს.

გოგრის თესლი საკმაოდ მსხვილია (1000 ცალი თესლის მასა 140-360 გრამი). ერთ ნაყოფში 150-400 ცალი თესლი ფორმირდება. თესლი შეიძლება იყოს თეთრი, მიხაკისფერი, ან მორუხო-მიხაკისფერი. თესლი აღმოცენებას 6-8 წელი ინარჩუნებს. ხანდაზმული თესლი უფრო ნაყოფიერია. გოგრა ძლიერად მოზარდი მცენარეა. მისი ფესვთა სისტემა ძალიან ძლიერია და ნიადაგის ღრმა ფენებში ვრცელდება.

დამოკიდებულება აგროკლიმატური პირობებისადმი

განვითარების ოპტიმალური ტემპერატურა 25_30 °С
ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა 90-95%
ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობა 85-95%
ნიადაგის არეს ოპტიმალური რეაქცია pH 5,5-6,5
კრიტიკული ტემპერატურული მინიმუმი -1°С
კრიტიკული ტემპერატურული მაქსიმუმი 35°С

სასურველი წინამორბედი კულტურები: სიმინდი, თავთავიანი და პარკოსანი კულტურები.

არასასურველი წინამორბედი კულტურები:  ნესვი, გოგრა, საზამთრო, კიტრი.

გოგრას სახეობები

გოგრის გვარი  –  (Cucurbita) შეიცავს 11 ბოტანიკურ ოჯახს, რომელთაგან ჩვენში კულტურაში დანერგილია და გავრცელებულია გოგრის სამი სახეობა. ესენია: მსხვილნაყოფა გოგრა (Cucurbita maxima), მუსკატური გოგრა (Cucurbita moschata) და მაგარკანიანი გოგრა (Cucurbita Pepo). ამ უკანასკნელს მიეკუთვნება ყაბაყი და პატისონი.

მსხვილნაყოფა გოგრა. ტენის მოყვარული მცენარეა. ფოთლები ძლიერაა განვითარებული, ფესვთა სისტემა ძლიერი აქვს, მაგრამ გვალვას ვერ უძლებს, წყლის ნაკლებობის დროს იწყება ყვავილობა, მსხვილნაყოფა გოგრა ჯვარედინი დამამტვერიანებელია.

მუსკატური გოგრა. მისი კვებითი მნიშვნელობა მეტია, ვიდრე მსხვილნაყოფა გოგრის, რადგან უფრო მდიდარია შაქრებით, კაროტინის მეტ რაოდენობას შეიცავს. ეს გოგრა გავრცელებულია ქვემო ქართლის დაბლობ ზონაში. მუსკატური გოგრა უფრო დიდხანს ინახება მსხვილნაყოფიანებთან შედარებით.

მაგარკანიანი გოგრა. იგი არ ჩამოუვარდება მუსკატს. მას სასუფრე გოგრას უწოდებენ. მდიდარია შაქრებით და კაროტინით. რბილობის სისქე და მოსავლიანიბა ნაკლები აქვს ვიდრე მსხვილნაყოფას და მუსკატურს. ჩვენში იგი ცნობილია სხვადასხვა სახელწოდებით: ხოკერა გოგრა, ხოკერა კვახი, მისი კანი მაგარი ჯავშანია, რაც ხელს უწყობს ტრანსპორტირებას და შენახვას. ნაყოფი საშუალო საშუალოა, მწიფე ნაყოფი მოყვითალო ფორთოხლის ფერია. კანი იმდენად მაგარი აქვს, რომ მოხარშვის შემდეგ სიმაგრეს არ კარგავს.

გოგრას სახეობების სარკვევი

გოგრას მოვლა-მოყვანის აგროწესები

ნიადაგის შერჩევა.  საუკეთესოა მსუბუქი მექანიკური შედგენილობის, ქვიშნარი, ალუვიური, ნეშომპალათი მდიდარი ნიადაგები. ცივ ნიადაგში ფესვთა სისტემა ფუნქციონირებს ცუდად, განვითარება წყდება და მცენარე იღუპება. მცენარე განსაკუთრებით კარგად ვითარდება ჰაერისა და ნიადაგის მაღალი ტემპერატურისა და შესაფერისი ტენიანობის დროს. აუცილებელია განათებული, საკვები ელემენტებით მდიდარი ნიადაგი.

ნიადაგის მომზადება. ნიადაგი აღმოსავლეთ საქართველოში საჭიროა მოიხნას შემოდგომაზე, 25-30 სმ. სიღრმეზე. ხოლო დასავლეთ საქართველოში კი მოხვნა შესაძლებელია გვიან შემოდგომაზე, ზამთარში, ან გაზაფხულზე. ამ არეალის ჭარბტენიან ნიადაგებზე მოხვნა გაზაფხულზე უნდა განხორციელდეს.

გაზაფხულზე ხდება მზრალის თესვისწინა დამუშავება. დათესვამდე ტარდება 2 კულტივაცია 10-12 სმ. სიღრმეზე, თანმიყოლებული დაფარცხვით.

კარგად გაფხვიერების მიზნით შესაძლებელია ნიადაგს დასჭირდეს დაფრეზვა.

თესვა-რგვის წესები და ნორმები

თესლის ხარისხი. გოგრას ხარისხიანი სათესლე მასალა უნდა იყოს სერტიფიცირებული და იგი უნდა შევიძინოთ მხოლოდ სპეციალიზირებულ მაღაზიებში. სათესლე მასალას არ უნდა ჰქონდეს დაზიანებული ეტიკეტი, სადაც მითითებულია პროდუქციის ვარგისიანობის ვადები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

გოგრას სათესლე მასალის ხარისხის მეცნიერულად განსაზღვრული ნორმები-პარამეტრები

თესლის მომზადება დასათესად. დათესვამდე გოგრას თესლის 12-20 საათის განმავლობაში დალბობა აჩქარებს მცენარის აღმოცენების პროცესს და უზრუნველყოფს თანაბარი ზომის აღმონაცენს, რაც ამარტივებს ნაკვეთში ჩასატარებელ სამუშაოებს და იძლევა მოსავლის ადრეულ ვადებში მიღების საშუალებას

თესლის დალბობას აწარმოებენ წმინდა წყალში, უჟანგავ (ემალირებულ) ჭურჭელში ან რბილ ტარაში. წყლის ტემპერატურა დამოკიდებულია კონკრეტულ კულტურაზე. ნესვისათვის საჭიროა წყლის ტემპერატურა 16-დან 25⁰C-მდე.

დალბობისას თესლის ფენა 15 სმ-ზე მეტი არ უნდა იყოს. წყალი უნდა გამოიცვალოს ყოველ 10-12 საათში ერთხელ.

საჭიროა გვახსოვდეს!

გასათვალისწინებელია, თესლის დალბობის მეთოდის გამოყენება სასურველი არ არის სპეციალიზირებულ მაღაზიებში შეძენილ სათესლე მასალაზე, რადგან ის დამუშავებულია შესაბამისი პრეპარატით და როგორც დალბობის, ასევე ხელოვნური გაღივების პროცედურები გამოიწვევს პრეპარატის ჩამორეცხვას თესლის ზედაპირიდან.

გოგრას გამრავლება შესაძლებელია როგორც ჩითილების გამოყვანის მეთოდით, ასევე თესლის პირდაპირ ღია გრუნტში თესვით

პირდაპირ ღია გრუნტში თესვის წესი. გოგრას სახეობების თესვა უნდა დავიწყოთ მაშინ, როდესაც საკმაოდ დათბება, ანუ საშუალო დღე-ღამური ტემპერატურა 13-15°C-ს მიაღწევს. თესვა უმჯობესია განხორციელდეს პუნქტირებული სათესით აღჭურვილი ტექნიკის საშუალებით. გოგრა ასევე შესაძლებელია დაითესოს ხელით – ამ დროს თესვა წარმოებს ბუდობრივად: ბუდნებს აკეთებენ თოხით ან ბარით. ბუდნაში თესავენ 5-7 ცალ თესლს. ბუდობრივად თესვის უპირატესობა ის არის რომ იგი შემდგომში მწკრივთაშორისების ორი მიმართულებით დამუშავების  საშუალებას იძლევა და ასევე, უზრუნველყოფს თესლის და სასუქების ეკონომიას, რადგან ამ დროს სასუქი ბუდნებში შეაქვთ.

 ჩითილების გამოყვანის წესი. გოგრის სახეობათა თესლი უნდა დავთესოთ ქოთნებში, რომელთა დიამეტრი მინიმუმ 10 სმ უნდა იყოს. ჩითილების თესვა უნდა დავიწყოთ ღია გრუნტში გადარგვის ვადამდე 25-30 დღით ადრე.

ჩითილების გამოყვანის ოპტიმალური პირობებია: აღმოცენებისთვის 20-250C, ჩითილის ზრდისათვის 18-200C.

კვების არე. ნიადაგის ნაყოფიერების და კონკრეტული ჯიშის, ან ჰიბრიდისათვის დამახასიათებელი თვისებების მიხედვით, მანძილები შეიძლება იყოს 1,4 მეტრი მცენარეთა შორის და 1,4 მეტრი მწკრივებს შორის ან 2,1 მეტრი მცენარეთა შორის და 2,1 მეტრი მწკრივებს შორის. ყაბაყის და პატისონის შემთხვევაში უფრო მცირე კვების არეზე შეგვიძლია თესვა – მწკრივთაშორის 1-1,5 მეტრი, ხოლო მცენარეთა შორის მწკრივში 80-100 სმ. ანდა კვადრატულ-ბუდობრივად 1×1 მეტრზე.

თესვის სიღრმე – მძიმე და ტენიან ნიადაგებში 4-5 სმ-ია, ხოლო ფხვიერ და მშრალ ნიადაგებში კი 6-8 სმ.

ნიადაგის დამუშავება. გოგრისათვის ნიადაგის დამუშავების მიზანს შეადგენს ნიადაგის მუდამ ფხვიერი და სარეველებისაგან სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება.

აღმოცენებისთანავე ბუდნების გარშემო ნიადაგს აფხვიერებენ. აღმოცენებიდან 10 დღის შემდეგ, როდესაც პირველი ფოთოლი გამოჩნდება, დაამუშავებენ ნიადაგს მწკრივთშორის ღრმად 12-15 სმ სიღრმეზე, ღრმა გაფხვიერება ხელს უწყობს ფესვების გაშლას განზე და საკვები ნივთიერების და წყლის უკეთ შეთვისებას.

თუ პირველი გაფხვიერების შემდეგ ნიადაგი ისევ გამკვრივდა და სარეველა ბალახები გაჩნდა, საჭიროა ხელახალი ღრმა გაფხვიერება. მწკრივთშორის ღრმად დამუშავების შემდეგ საჭიროების მიხედვით ატარებენ 2-3 კულტივაციას 5-7 სმ სიღრმეზე.

მწკრივთშორისების დამუშავებას და გაფხვიერება-კულტივაციას მანამდე აწარმოებენ, სანამ მცენარე გაიბადრება, გაიშლება და დამატებითი ფესვები გაუჩნდება. შემდეგ უკვე ბარდის აქეთ-იქეთ გადაწევა საზიანოა მცენარისათვის.

ნიადაგის დამუშავებისას გასათვალისწინებელი ფაქტორები:

  • გაფხვიერების სიღრმე უნდა იყოს თანაბარი
  • მწკრივთაშორის კულტივატორებით დამუშავებისას ნიადაგის ქვემო ტენიანი ფენა არ უნდა ამობრუნდეს მანქანის სამუშაო ნაწილებით.
  • სარეველა მცენარეები უნდა მოიჭრას მწკრივთაშორისებში, კვალის ფსკერზე და ბაზოს გვერდებზე.

გოგრას მოვლა ვეგეტაციის პერიოდში

წაჩქმეტა. გოგრას მოსავლიანობას მნიშვნელოვნად ზრდის წაჩქმეტის ოპერაციის ჩატარება, რომელიც ტარდება შემდეგი წესით:

მოქმედება 1 – აცილებენ ყველა გვერდითა ყლორტს, რომელსაც ნაყოფი არ გამოუნასკვავს.

მოქმედება 2 – მსხმოიარე ღეროებს წვეროს აჩქმეტენ ყველაზე მაღლა მდებარე ნაყოფიდან 4-5 ფოთლის შემდეგ.

გოგრას მორწყვა – ძირითადი წესები

მორწყვის ჯერადობა და ნორმები დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე, ნიადაგის ტენიანობის მაჩვენებელსა და მცენარის განვითარების ცალკეულ ფაზებზე.

გოგრის ტენით უზრუნველყოფის საორიენტაციო ნორმებია:

  • ჯერადობა: 3-4;
  • თითოეული მორწყვის საორიენტაციო ნორმა 1 ჰა-ზე: 350-400 მ3 (წვეთოვანი მორწყვით 35-40 მ3)
  • ტენზე მოთხოვნის მაქსიმუმი: გაღივების, აღმოცენების და გამონასკვის პერიოდში.

მორწყვის მეთოდი: წვეთოვანი, დაწვიმების, ან კვლებში მიშვების მეთოდით. უპირატესობა წვეთოვან მორწყვას ენიჭება.

ნიადაგის განოყიერება გოგრასათვის. კონკრეტული ნაკვეთისათვის შესატანი სასუქების ზუსტი დოზები დგინდება ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე.

საორიენტაციო დოზების გამოანგარიშებისას, შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ შემდეგი მონაცემებით: გოგრის ყოველი ერთი ტონა მოსავლის მისაღებად წვეთოვანი მორწყვის გამოყენებით და შეთვისების კოეფიციენტის გათვალისწინებით საჭიროა: აზოტი 1,1 კგ, ფოსფორი 1,76 კგ, კალიუმი 2,6 კგ. (სუფთა ნივთიერება).  1 ჰა-ზე 50 ტ. მოსავლის მისაღებად საჭიროა: აზოტი 55 კგ,  ფოსფორი 88 კგ. კალიუმი 130 კგ (სუფთა ნივთიერება).

იმ შემთხვევაში თუ მზრალად მოხვნისას შეტანილი იქნა  ნაკელი 1 ჰა-ზე 30 ტონა, მაშინ მინერალური სასუქებიდან საჭიროა: მხოლოდ 13 კგ (სუფთა ნივთიერება)  ფოსფორის შეტანა

მინერალური სასუქების შეტანის ოპტიმალური პერიოდები:

  • აზოტი N — ვეგეტაციის პერიოდში რამდენიმეჯერ შეტანა, გამოკვების სახით.
  • ფოსფორი P — 2/3 მზრალად მოხვნის წინ, დანარჩენი გამოკვების სახით, ვეგეტაციისას.
  • კალიუმი K — 2/3 მზრალად მოხვნის წინ, დანარჩენი გამოკვების სახით, ვეგეტაციისას.

მზრალად მოხვნის წინ 1 ჰა-ზე 30 ტონა ნაკელის შეტანის შემთხვევაში საჭიროა მხოლოდ 13 კგ. ფოსფორის შეტანა (სუფთა ნივთიერება).

გოგრას მოსავლის აღება-შენახვა

 გოგრის მოსავალს იღებენ, როცა ნაყოფსაჯდომი გახმება და კანი გამკვრივდება. ნაყოფის  საკრეფი  სიმწიფე  დაკავშირებულია  მცენარის ფიზიოლოგიურ   განვითარებაზე   და მას არკვევენ  ყუნწის  ჭკნობით,  კანის ზედაპირის   მბზვინვარების დაკარგვით,  მცენარის ძირის  გაყვითლებისა  და  ფოთლების ხმობით. მკვეთრი ყვითელი ან სტაფილოსფერი გულის (კარეტენოიდების სინთეზის შედეგად) წარმოქმნა და შაქრისა და მშრალი ნივთიერებების  დაგროვება არის სიმწიფის ნიშანი , რომელიც  კორელაციაშია სენსორულ ხარისხთან.

ნაყოფები ფრთხილად, დაზიანების გარეშე უნდა აიკრიფოს და მშრალ ადგილას დალაგდეს. გოგრის გაგრილება ხდება ოთახის ტემპერატურაზე ან პირდაპირ იტვირთება მანქანა მაცივრებში და კონტეინერებში

შესანახად განსაზღვრული ნაყოფი უნდა იყოს საღი, ყოველგვარი დაზიანებების გარეშე

 

წყარო:

 áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველოს აგრარიკოსთა მოძრაობა