თემატური მოკვლევის ჯგუფმა – „სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა“ ზეპირი მოსმენა ჩაატარა

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფი – „სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა“, რომლის მთავარი მომხსენებელია საბჭოს წევრი ნინო წილოსანი, სახელმწიფო უწყებების და ორგანიზაციების მოსმენას განაგრძობს.

დღეს, თემატური მოკვლევის ჯგუფმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელს, მიხეილ ხიდურელს მოუსმინა.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ქალების ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მიუხედავად იმისა, რომ თქვენს პროგრამაში ძალიან კარგად არის გაწერილი და მითითებული კონკრეტული პროცენტული კვოტირება, მნიშვნელოვანია, რომ ხარისხობრივად მაღალი იყოს ქალთა მონაწილეობა ამ პროგრამებში, იმისთვის, რომ მათ მიერ მიღებული დაფინანსება და მათ მიერ წამოწყებული საქმიანობა იყოს უფრო მდგრადი. რადგან პროგრამის მიზანი არის ეკონომიკური აქტივობის გაზრდა და მცირე და საშუალო ბიზნესის გააქტიურება. კარგად მომზადებული ბენეფიციარების მიღება ერთ-ერთი წინაპირობა უნდა იყოს და ამ ყველაფრისთვის თქვენი მხრიდან გადადგმული ნაბიჯები იქნება გადამწყვეტი“, – მიმართა ნინო წილოსანმა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელს, მიხეილ ხიდურელს.

მომხსენებელმა მადლობა გადაუხადა გაეროს ქალთა ფონდს თანამშრომლობისთვის და თემატური ჯგუფის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია იმ სიახლეების შესახებ, რომელთა განხორციელებას სააგენტო აღნიშნული მიმართულებით უახლოეს პერიოდში გეგმავს. მისი თქმით, მზადდება ცალკე პროგრამები ქალი მეწარმეებისთვის.

მიხეილ ხიდურელმა ისაუბრა სააგენტოს საქმიანობაზე, სტრუქტურაზე და სპეციფიკაზე და გამოხატა საკუთარი თვალსაზრისი, არგუმენტები და შეთავაზებები ქალთა ჩართულობის გაზრდის მიმართულებით.

მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა იმ პროექტებზე, რომელიც ამ მიზნით უკვე განხორციელდა და აღნიშნა, რომ 2017 წელს ქალების ჩართულობის მაჩვენებელი სააგენტოს პროგრამებში 17 %,-ს 2018 წელს კი 45%-ს შეადგენდა.

„ყველა ახალი ინიციატივა ეფუძნება უკვე განხორციელებული ინიციატივების კვლევას. ჩვენ ახლა აქტიურად ვახორციელებთ ანალიზს, რომელიც დაგვანახებს თუ როგორ იმუშავა და რა მიზანს მოემსახურა ესა თუ ის პროგრამა“, – განაცხადა მიხეილ ხიდურელმა. მისივე თქმით, ქალთა ხელშეწყობის გაზრდის შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით იდეალური ბალანსი იქნება მიღწეული.

შეხვედრაზე, საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს თემატური ჯგუფის წევრებმა. წარმოდგენილი იყო კონკრეტული რეკომენდაციები შესაბამისი სუბიექტის მიმართ. მომხსენებელმა თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

ზეპირ მოსმენაში მონაწილეობა თემატური ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა, ნინო წილოსანმა და ჯგუფის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა მიიღეს.

„იმისთვის, რომ ეს პროგრამები იყოს მდგრადი, საჭიროა პროგრამის მონაწილეებს გზადაგზა მაინც ეხმარებოდეს სახელმწიფო. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაინც ეკონომიკური კომპონენტია, სოციალურთან ერთად“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა. მისივე თქმით, სახელმწიფომ განათლების, შესყიდვების და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების მიმართულებით უნდა განახორციელოს პროექტის მონაწილეების დახმარება.

თემატური მოკვლევის ჯგუფი – „სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა“ მორიგ ზეპირ მოსმენას 14 მაისს გამართავს. აღნიშნულით, ზეპირი მოსმენების ნაწილი დასრულდება და თემატური მოკვლევის ჯგუფი მუშაობას რეკომენდაციების ნაწილზე დაიწყებს. 10 ივნისისთვის კი ჯგუფი დასკვნას წარადგენს, რომლის შესრულებაზე კონტროლსაც პარლამენტი ზედამხედველობის ფარგლებში განახორციელებს.

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო თემატურ მოკვლევებს ახორციელებს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.