კიტრი – მოვლა-მოყვანა, განოყიერება, ჯიშები

კიტრს იყენებენ ქორფა, ახალგამონასკვული, ფიზიოლოგიურად მოუმწიფებელი, მწვანე ნაყოფის სახით. იგი ასევე გამოიყენება იყენებენ გადამუშავებული სახითაც – დამწნილებული, დამარილებული. 3-4 დღის ნაკვებისაგან პიკულებსა და კორნიშონებს ამზადებენ.

ქიმიური შემადგენლობა. კიტრის ნაყოფი შეიცავს 95,3%-მდე წყალს, 4,7% მშრალ ნივთიერებას, 1,1% აზოტოვან ნივთიერებას, 1,1% ნახშირწყლებს (შაქარი და სახამებელი), 0,1% ცხიმებს, 0,8% უჯრედისს და 0,4% ნაცარს.

დამოკიდებულება აგროკლიმატური პირობებისადმი. კიტრი სითბოს მოყვარული მცენარეა. ყინვას ვერ იტანს. მისი ზრდა-განვითარების ოპტიმალური ტემპერატურა 18-32°С – მდეა. მისი თესლი გაზაფხულზე თესვის პირობებში თესლი გაღივებას იწყებს 13°С – 14°С – ზე, უფრო დაბალ ტემპერატურაზე ისინი არ ღივდებიან და ლპებიან. ოპტიმალური ტემპერატურა თესლის გაღივებისათვის 25-30°С – ია.
კიტრი ნაყოფიან ბოსტნეულ მცენარეთა შორის განათების ნაკლებ მომთხოვნი მცენარეა. პირიქით, პირდაპირი მზის სხივები უარყოფითად მოქმედებს მასზე. ამიტომ ცხელ, უხვმზიან რაიონებში უმჯობესია მისი დამაჩრდილებელ მცენარეებთან ერთად კულისურად თესვა. ამ შემთხვევაში სიმწარეც ნაკლებად ექნება.
კიტრი ტენისადმი მომთხოვნია. საჭიროებს, როგორც ნიადაგის (70-80 %) ასევე ჰაერის (80-90 %) მაღალ შეფარდებით ტენიანობას.
დიდ მოთხოვნილებას აყენებს ნიადაგის ნაყოფიერებისადმი. მაღალი მოსავლის მიღება მხოლოდ კარგ სტრუქტურიან, ნოყიერ ნიადაგზე შეიძლება. კიტრის მცენარეები ადაპტირებულია ნიადაგის ისეთი ტიპების ფართო სპექტრის მიმართ, რომლებსაც კარგი დრენაჟი და წყლის შეკავების შესაძლებლობა აქვთ. კიტრი კარგად ვერ იზრდება მჟავე ნიადაგზე, მაგრამ კარგად იზრდება სუსტი მჟავე არეს პირობებში (pH 5.5-დან 7.0-მდე). რეკომენდებულია, რომ თუ ნიადაგის pH 5.5-ზე დაბალია, მწარმოებელმა დარგვამდე დაახლოებით 8-12 კვირით ადრე ერთ ჰექტარზე დაახლოებით 2.5 ტონა (ან კვ.მ-ზე 22 კგ) სასოფლო-სამეურნეო კირი გამოიყენოს. თუმცა, ზოგიერთ ნიადაგს შესაძლოა დასჭირდეს აღნიშნულზე გაცილებით მეტი კირი.

სახეობები და ჯიშები. ყვავილობის ფორმის მიხედვით არსებობს კიტრის შემდეგი სახეობები:

  • კიტრის ერთბინიანი, ორსქესიანი სახეობები, რომლებიც აწარმოებენ როგორც მდედრობით, ასევე მამრობით ყვავილებს ერთსა და იმავე მცენარეზე.
  • სახეობები, რომლებიც აწარმოებენ მხოლოდ მდედრობით ყვავილებს.
  • PF ჰიბრიდები, რომლებიც აწარმოებენ ძირითადად მდედრობით ყვავილებს და მამრობითი ყვავილების მცირე რაოდენობას.

ვეგეტაციის ხანგრძლივობის მიხედვით კიტრის ჯიშები და ჰიბრიდები შესაძლებელია დაიყოს: ულტრასაადრეო, საადრეო, საშუალოდ საადრეო და საგვიანო ჯიშებად. ულტრა-საადრეო ჯიშების სავეგეტაციო დღეების ხანგრძლივობაა: 40 დღე, საადრეოსი – 45 დღე, საშუალოდ საადრეო კიტრის ჯიშების და ჰიბრიდების ვეგეტაციის ხანგრძლივობა გრძელდება 45-50 დღე, ხოლო საგვიანოების – 50 დღეზე მეტი.

კიტრის გავრცელებული ჯიშები/ჰიბრიდები

  • მუხრანული – საგვიანო ჯიშია. გამოირჩევა კარგი გემური თვისებებით ვეგეტაცია გრძელდება 80-85 დღე.
  • გილანური – სასალათე საგვიანო ჯიშია, ღია-მწვანე ფერის.  ვეგეტაცია გრძელდება 75-85 დღე.
  • აიაკსი F 1 – საკონსერვო დანიშნულების მაღალმოსავლიანი ჰიბრიდი. მედეგია ნაცრის და კიტრის მოზაიკის ვირუსის მიმართ. ვეგეტაცია გრძელდება 42-44 დღე.
  • შუშა კიტრი – სასალათე ჯიშია. საუკეთესო გემური თვისებებით. ღია-მწვანე ფერის. ვეგეტაცია გრძელდება 70-80 დღე.
  • სატინა F1 – საადრეო ჰიბრიდი, ძლიერი ფესვთა სისტემით, ვეგეტაციას ასრულებს 35-40 დღეში.

ადგილი თესლბრუნვაში. კიტრი თესლბრუნვაში ნაბალახარზე თავსდება. ან ითესება ორგანული სასუქით კარგად განოყიერებულო ნიადაგზე.
კიტრისათვის სასურველი წინამორბედი კულტურებია: სიმინდი, თავთავიანი და პარკოსანი კულტურები. კიტრის წარმოება არ არის რეკომენდებული იმ ფართობებზე, სადაც წინა წელს იწარმოებოდა გოგროვანი ბაღჩეული კულტურები.

ნიადაგის მომზადება-განოყიერება  და კულტურის მოვლის აგროწესები

კიტრისათვის განკუთვნილი ნიადაგი აღმოსავლეთ საქართველოში საჭიროა მოიხნას შემოდგომაზე, 25-30 სმ. სიღრმეზე. ხოლო დასავლეთ საქართველოში კი მოხვნა შესაძლებელია გვიან შემოდგომაზე, ზამთარში, ან გაზაფხულზე. ამ არეალის ჭარბტენიან ნიადაგებზე მოხვნა გაზაფხულზე უნდა განხორციელდეს.
გაზაფხულზე ხდება მზრალის თესვისწინა დამუშავება. დათესვამდე ტარდება 2 კულტივაცია 10-12 სმ სიღრმეზე, თანმიყოლებული დაფარცხვით.
კარგად გაფხვიერების მიზნით შესაძლებელია ნიადაგს დასჭირდეს დაფრეზვა. ასევე ნიადაგის მულჩირება ხელს უწყობს მოსავლიანობის გაზრდას.

თესვა-რგვის წესები. მწკრივთა შორის მანძილი გრძელბარდიანი ჯიშებისათვის 90-100, ხოლო მოკლებარდიანი ჯიშების და ჰიბრიდებისათვის 70-75, სმ-ია. მცენარეებს შორის მანძილი 15-20 სმ-ით განისაზღვრება. მცენარეებს შორის მანძილის შემჭიდროება სამრეწველო დანიშნულების ჰიბრიდებისათვის დსაშვებია 10-12 სმ-მდე. კიტრი შესაძლებელია დათესოს ბუდობრივადაც. ბუდნებს შორის 70X70 სმ დაშორებით. ბუდნაში რჩება 4 კარგად განვითარებული მცენარე.
თესვის ნორმა მცენარეების ზრდის სიძლიერების და დათესვის სქემის მიხედვით საშუალოდ 4-6 კგ-ია ერთ ჰა-ზე.
ჩათესვის სიღრმე მსუბუქ ნიადაგებზე მშრალ ადგილებში 5 სმ-ს, ხოლო უფრო ტენიან და მძიმე ნიადაგებზე 2,5-3 სმ-ს შეადგენს
კიტრის ჩითილის მეთოდით წარმოება უფრო გავრცელებული წესია. საშუალოდ ერთ ჰა-ზე ირგვება 35-45 ათასი მცენარე. ჩითილის გამოყვანა ღია გრუნტში გადარგვამდე 20-25 დღით ადრე დაიწყება. უმჯობესია თესლი სპეციალურად განკუთვნილ კასეტებში დაითესოს.
ჩითილების გადარგვის შემდეგ, ღია გრუნტში კიტრის მოვლის ძირითადი ღონისძიებებია:

  • გამორგვა.
  • ნიადაგის გაფხვიერება-კულტივაცია.
  • შპალერის მოწყობა ან სარის შედგმა (ვერტიკალური ფორმირების შემთხვევაში).
  • ბრძოლა მავნებელ-დაავადებების და სარეველების წინააღმდეგ.
  • გაახალგაზრდავება (ადგილზე არსებული საჭიროებების მიხედვით).
  • მორწყვა.

გამორგვა. გადარგვის შემდეგ ხშირია ჩითილების დანაკარგები – ზოგიერთი გადარგული ჩითილი ხმება და იღუპება. შესაბამისად, აუცილებელია გაცდენილი ადგილების შევსება ახალი ჩითილებით.

გაფხვიერება-კულტივაცია. ვეგეტაციის განმავლობაში აუცილებელია რომ კიტრის ნიადაგი მუდმივად ფხვიერ მდგომარეობაში იმყოფებოდეს და ფართობში არ გაჩნდეს სარეველები. ამისათვის, უშუალოდ ნაკვეთში არსებული საჭიროებების შესაბამისად, საჭიროა ნიადაგის სისტემატური გაფხვიერება და სარეველების მოცილება. საშუალოდ, საჭიროა 3-4-ჯერ კულტივაცია კიტრის ვეგეტაციის განმავლობაში.

ნათესის ფორმირება. არსებობს კიტრის ვერტიკალური და ჰორიზონტალური ფორმირების ტიპები. ვერტიკალური ფორმირებისათვის საჭიროა სარის შედგმა, ან შპალერის მოწყობა. ხოლო ჰორიზონტალური ფორმირებისას კულტურა ვითარდება ნიადაგზე და შესაბამისად არ სჭირდება საყრდენი სისტემა. საქართველოში და განსაკუთრებით ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, სადაც მაღალი ტენიანობაა, საჭიროა უპირატესობა მიენიჭოს ვერტიკალურ ფორმირებას, რათა მცენარეს ნაკლები კონტაქტი ჰქონდეს ნიადაგთან, რაც უკეთ დაიცავს მას სხვადასხვა სოკოვანი დაავადებებისაგან.

ბრძოლა მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ. კიტრის მავნებელ-დაავადებების და სარეველების წინააღმდეგ ბრძოლა გულისხმობს: ნაკვეთის რეგულარულ გაწმენდას მცენარეული ნარჩენებისა და სარეველებისაგან, დაზიანებული მცენარეების მოცილებას ნაკვეთიდან, დაავადებებისადმი მდგრადი ჯიშების/ჰიბრიდების წარმოებას და შესაბამისი ქიმიური წამლობების დროულ და ხარისხიან განხორციელებას.

გაახალგაზრდავება. ხნოვანების ზრდასთან ერთად კიტრის ქვედა ფოთლები ბერდებიან, ყვითლდებიან და მცენარე შიშვლდება. კიტრის განვითარების ამ ეტაპზე, ხშირად აწარმოებენ მის გაახალგაზრდავებას. ამისათვის აჭრიან ყველა ძველ ხმობად ფოთოლს და წვეროზე ტოვებენ 5-6 ახალგაზრდა ფოთოლს. შემდეგ მცენარეს ხსნიან შპალერიდან/სარიდან და ფრთხილად აწვენენ ნიადაგზე. მცენარის ზედა, ფოთლებიან ნაწილს კი კვლავ აკრავენ საყრდენზე. იმისათვის რომ ღეროები ნაკლებ მტვრევადი გახდეს, აღნიშნული პრცერუდის ჩატარებამდე რამდენიმე დღით (3-4) ადრე წყვეტენ მცენარის რწყვას. მიწაზე დადებულ ღეროებს კი რამდენიმე დღის შემდეგ აყრიან მიწის ნაყოფიერ ფენას. ეს ღონისძიება ძირითადად სათბურებში ტარდება.

მორწყვა. კიტრს ტენით უზრუნველყოფა სჭირდება ვეგეტაციის ყველა ეტაპზე. მორწყვის ჯერადობა და ნორმები დამოკიდებულია ნიადაგის ტენიანობის მაჩვენებელსა და მცენარის განვითარების ცალკეულ ფაზებზე. ზოგადად, ვეგეტაციის განმავლობაში კიტრი 10-15-ჯერ, ან მეტჯერ უნდა მოირწყას. თითოეული მორწყვის საორიენტაციო ნორმა ერთ ჰა-ზე არის 400-500 მ3.
მორწყვა შესაძლებელია როგორც კვალში მიშვებით, ასევე მორწყვის წვეთოვანი სისტემის გამოყენებით.

ნიადაგის განოყიერება. კულტურა ძალიან მომთხოვნია ნიადაგში საკმარისი რაოდენობის საკვები ნივთიერებების მიმართ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აზოტის შემცველი სასუქები. აღნიშნული ელემენტის ნაკლებობა იწვევს ფოთლების გაყვითლებას. ყოველი ერთი ტონა მოსავლის მისაღებად წვეთოვანი მორწყვის გამოყენებით და შეთვისების კოეფიციენტის გათვალისწინებით საჭიროა: აზოტი – 3,3 კგ, ფოსფორი – 3,2კგ, კალიუმი – 5,5 კგ (სუფთა ნივთიერებები). თუ იგეგმება 1ჰა-ზე 40 ტონა მოსავლის მიღება, შესაბამისად შესატანი მინერალური ნივთიერებების რაოდენობები იქნება: აზოტი – 132კგ ვეგეტაციის პერიოდში გამოკვების სახით; ფოსფორი – 128კგ 2/3 მზრალად მოხვნის წინ, დანარჩენი გამოკვების სახით; კალიუმი – 220კგ 2/3 მზრალად მოხვნის წინ, დანარჩენი გამოკვების სახით. მზრალად მოხვნის წინ 1 ჰა-ზე 30 ტონა ნაკელის შეტანის შემთხვევაში საჭიროა: აზოტი 15კგ, ფოსფორი 85კგ, კალიუმი 95 კგ. (სუფთა ნივთიერებები).

მოსავლის აღება-შენახვა

აღების ვადა. კიტრს იღებენ ტექნიკური სიმწიფის ფაზაში. იგი პერიოდულად, ყოველ დღე ან დღე გამოშვებით იკრიფება. ნაყოფების მოკრეფის დაყოვნება ამცირებს მოსავლიანობას და აუარესებს ხარისხს. კრეფა რეკომენდირებულია დილის საათებში. მოკრეფა ხდება ხელით, ფრთხილად ბუჩქის დაზიანების გარეშე. დიდ ფართობებზე მოკრეფა ხდება ხელით, ტრაქტორზე დაკიდებული სპეციალური პლატფორმის გამოყენებით. პლატფორმის ნელი სვლისას მასზე მწორიარე მუშები კრეფენ კიტრის ნაყოფებს. მოკრეფილი ნაყოფები მოძრავი ხაზით მანქანის ძარაზე იყრება. პლატფორმა ნაკვეთში სპეციალურად დატოვებულ გზებზე მოძრაობს.

შენახვის პირობები. კიტრის სიცივისადმი მგრძნობიარობის მიუხედავად შესაძლებელია მისი წინასწარი გაცივება ცივი წყლით (ჰიდროგაცივება) ან შეკუმშული ჰაერით, თუმცა დაუშვებელია სიცივეში კიტრის 6 სთ-ზე მეტი ხნით გაჩერება. კიტრის შენახვის რეკომენდირებული ტემპერატურაა 10-12°С, 95% ფარდობითი ტენიანობის პირობებში. შენახვის ვადა ჩვეულებრივ < 14 დღეზე. ამის შემდეგ ვიზუალური და სენსორული ხარისხი სწრაფად უარესდება.

ბრძოლა მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ

წყლის დიდი რაოდენობა კიტრში ხელშემწყობი ფაქტორია სხვადასხვა სოკოვანი, ბაქტერიული და ვირუსული დაავადებებისთვის. დაავადებათა უმეტესობას ესაჭიროება წყალი იმისთვის, რომ დააინფიციროს მცენარე და განვითარდეს; შესაბამისად, დაავადებები ყველაზე მწვავეა მაშინ, როდესაც გარემო პირობები არის სველი (ხშირი ნისლიანობა, ცვარი, წვიმა და მაღალი შეფარდებითი ტენიანობა).
კიტრის ძირითადი სოკოვანი დაავადებებია: კიტრის ნაცარი, კიტრის ბამბისებრი ანუ თეთრი სიდამპლე, ანთრაქნოზი, ასკოჰიტოზი, კლადოსპორიოზი, ჭრაქი, ალტერნარიოზი, შავი ობი, ფუზარიოზული ჭკნობა, ფესვის შავი სიდამპლე და კიტრის ნაყოფის ნაცრისფერი სიდამპლე.
ვირუსული დაავადებებიდან კიტრს ძირითადად აზიანებს კიტრის ჩვეულებრივი მოზაიკა და მწვანე მოზაიკა.
კიტრის უმთავრეს ბაქტერიულ დაავადებებს წარმოადგენს სველი სიდამპლე და ჭკნობა, აგრეთვე ბაქტერიული ჭკნობა.

მავნებლებიდან კიტრის მნიშვნელოვნად აზიანებს ბაღჩის ბუგრის, თამბაქოს თრიფსის, ნესვის ბუზის და სხვა მწერების უარყოფითი ზემოქმედება.

კიტრის მავნებელ-დაავადებების გავრცელების წინააღმდეგ საჭიროა ბრძოლის ინტეგრირებული ღონისძიებების განხორციელება: მცენარეული ნარჩენების და დაზიანებული მცენარეების მოცილება-განადგურება, ოპტიმალური ტემპერატურული და ტენიანობის რეჟიმების შენარჩუნება სათბურებში, მცენარეთა შორის საჭირო მანძილების დაცვა, სარეველების დროული მოცილება, კულტურათა მონაცვლეობის დაცვა, შესაბამისი წამლობების და სხვა მოვლითი ღონისძიებების დროული და ხარისხიანი განხორციელება.

გარდა აღნიშნული ღონისძიებებისა, კიტრის მავნე ორგანიზმებისაგან დაცვის უმთავრესი წინაპირობა არის შესაბამისი წამლობების დროული და ხარისხიანი განხორციელება. გაცილებით ეფექტურია წინასწარი, პროფილაქტიკური წამლობების ჩატარება, კონკრეტული მავნებლის, ან დაავადების გაჩენის პრევენციის მიზნით.

წყარო:

საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობა