მოცხარი – დარგვა, პლანტაციის გაშენება, მოვლა, გასხვლა

ბოტანიკური აღწერილობა და დამოკიდებულება აგროკლიმატურ ფაქტორებთან. მოცხარი 1-2 მეტრი სიმაღლის, ფოთოლმცვენი ბუჩქია, მიეკუთვნება ხურტკმელისებრთა (Grossulariaceae) ოჯახს. ბუნებაში გვხვდება: შავი მოცხარი (Ribes nigrum), წითელი მოცხარი (Ribes rubrum) და თეთრი მოცხარი. მათ შორის ყველაზე საინტერესოა შავი მოცხარი. საკვებად გამოიყნება მოცხარის მწიფე ნაყოფები.
ჯიშების უმეტესობა თვითგამანაყოფიერებელია, შესაბამისად დამამტვერიანებელი ჯიშების დარგვა საჭირო არ არის, თუმცა ორი ან მეტი ჯიშის დარგვა გაზრდის მოსავალს. მსხმოიარობა იწყება დარგვიდან მეორე წელს. მსხმოიარობს ორ და სამწლიან ტოტებზე. ერთი ბუჩქიდან შესაძლებელია 700-800 გრამი, ხოლო 4-6 წლის ასაკში 2-4 კგ (4-8 ტ/ჰა-ზე) ნაყოფის მიღება. მსხმოიარობს 20-22 წელს.
ნაყოფი კენკრაა, საშუალოდ 1 სმ დიამეტრის. ფერით მუქი-შავი ან მომწვანო. ნაყოფში 3-37 თესლია. 1 კგ-ში 330 ნაყოფია. 1000 ცალი თესლის მასა 0,9-1,8 გრამია. ყვავილობს მაის-ივნისში. მწიფდება ივლის-აგვისტოში. მწიფე ნაყოფები ადვილად ცვივა, შესაბამისად საჭიროა დროული მოკრეფა. ფოთოლცვენა იწყება გვიან, ხშირად მცენარე ზამთრამდე მწვანეა. გაზაფხულზე ნიადაგთან ახლოს მდებარე კვირტები ადრე 5°С-ზე იღვიძებენ და ზრდას იწყებენ. ამ დროს, შესაძლებელია გაზაფხულის ნაგვიანევმა წაყინვებმა დააზიანოს ახლად გაშლილი კვირტები. მოცხარი მაღალი ყინვაატანობით გამოირჩევა.
მოცხარის ფესვთა სისტემა შედგება ძლიერად განვითარებული ფუნჯა ფესვებისგან, რომელიც ნიადაგის 20-40 სმ ფენებში ვრცელდება. ბუჩქი 12-15 წელს ცოცხლობს. მაქსიმალურ მოსავალს მეექვსე წელს იძლევა. მოცხარი საქართველოში თითქმის მეტნაკლებად ყველგან არის გავრცელებული, ძირითადად საკარმიდამო ნაკვეთებში. მისი გავრცელებისათვის ოპტიმალური ზონაა ზღვის დონიდან 700-1000 მეტრი. მგრძნობიარეა სიცხის მიმართ, კრიტიკულია 38° С-ზე მეტი ტემპერატურა.

ქიმიური შემადგენლობა. მოცხარის ნაყოფში წყალი 76-87%-ია, მშრალი ნივთიერება 12-22%, შაქარი 9-14%, მჟავიანობა 1,8-2,4%. მდიდარია ვიტამინებით: ჩ (160-230 მგ/%), B1 (0,03-0.06 მგ/% ), B2 (0,02-0,03 მგ/%), კაროტინი (პროვტამინი A 0,16-0,32 მგ%).

მოცხარის გავრცელებული ჯიშები

ბოგატირი

ბუჩქი საშუალო ზრდისაა, სიმაღლით 1,0 – 1,2 მეტრი. კარგად შეფოთლილი. ყვავილობს მაისში. ნაყოფი მსხვილია. 10-12 გრ. სასიამოვნო გემოსი. შემოდის ივლისის პირველ ნახევარში.

ბოლდუინი

სანაყოფე მტევანი საშუალო სიგრძისაა. ნაყოფი მსხვილია 0,8-0,9 გრ. კანი საშუალო სისქის. ნაყოფი მომჟავო-ტკბილია. სასიამოვნო გემოსი, ძლიერად გამოხატული სურნელებით. ნაყოფები თითქმის ერთდროულად შემოდის ივლისის დამლევს. საუკეთესოა გადასამუშავებლად

პობედა

ბუჩქი ზომიერად მოზარდია, მაღლა ამართული ზრდის. ნაყოფები მსხვილია 0,8 – 0,9 გრ, შავი საშუალო სისქის კანით. ნაყოფი ძალზედ სურნელოვანია, მჟავეა და გემრიელია. დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინ ც-ს. გამოიყენება გადასამუშავებლად და გასაყინად.

მოცხარის პლანტაციის გაშენება

ნიადაგის შერჩევა/მომზადება. მოცხარის პლანტაციის გასაშენებლად ნიადაგი უნდა იყოს სტრუქტურული, მსუბუქი მექანიკური შედგენიულობის, კარგი ჰაერაციის და წყალგამტარი.

მოცხარის დარგვამდე ნიადაგს ამუშავებენ 30-35 სმ. სიღრმეზე და შეაქვთ ორგანული სასუქი 100-120 ტონა ერთ ჰა-ზე და მინერალური სასუქები ფოსფორის და კალიუმის შემცველი, თითოეული 300კგ/ჰა-ზე (სუფთა ნივთიერებები).

დარგვა-გაშენება. მოცხარს ამრავლებენ გამერქნებული და მწვანე კალმებით, გადაწიდვნით, ბუჩქის დაყოფით, მყნობითა და თესლით.

გამერქნებული კალმების დაფესვიანება შავი მოცხარის გამრავლების, ყველაზე მარტივი და ეფექტიანი ხერხია.

იშვიათად მაგრამ მაინც გამოიყენება გადაწიდვნით გამრავლება. ბუჩქების დაყოფით გამრავლებას იყენებენ მხოლოდ სარგავი მასალების ნაკლებობის დროს და მოცხარის ბუჩქის, ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანის შემთხვევაში.

დარგვის სქემები და დარგვა: დაშორება ბუჩქებს შორის 1-1,5მ, რიგებს შორის — 50-70სმ, რიგში — 12-15 სმ-ია. დარგვისთანავე საჭიროა მორწყვა.

დასარგავი ორმო. მოცხარის დასარგავად იღებენ ნახევარი მეტრი სიღრმის და ნახევარი მეტრი სიგანის ორმოებს.

დარგვის დრო. დარგვის საუკეთესო პერიოდია სექტემბრის ბოლო – ოქტომბრის პირველი დეკადა, რგავენ ადრე გაზაფხულზეც.

ნერგი. მოცხარის ხარისხიან ნერგს უნდა ჰქონდეს 20-25 სმ. სიგრძის კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა. ნერგის მიწისზედა ნაწილი-დაახლოებით 50 სმ. სიგრძის უნდა იყოს და შედგებოდეს 3-4 ღონიერი ყლორტისგან.

მოცხარის პლანტაციის მოვლა

ნიადაგის დამუშავება. მოცხარის პლანტაციაში ნიადაგი ყოველთვის ფხვიერ მდგომარეობაში უნდა იყოს. არ უნდა მოხდეს ხეების გარშემო სარეველა ბალახების განვითარება.

მორწყვა. მოცხარი ტენისადმი ყველაზე მომთხოვნია ნაყოფის ფორმირების და დამწიფების პერიოდში. მორწყვის საორიენტაციო ჯერადობა დამოკიდებულია უშუალოდ ნაკვეთში არსებულ კლიმატურ პირობებზე და ნიადაგის ტენიანობაზე.

საშუალოდ, წვეთოვანი სისტემით მორწყვისას ერთი მორწყვის საორიენტაციო ნორმა არის 30-50 კუბ./მ 1 ბუჩქზე.

მოცხარის მორწყვა ასევე შესაძლებელია კვლებში წყლის მიშვებით.

ნიადაგის განოყიერება. მოცხარის ბაღში შესატანი მინერალური ელემენტების ზუსტი დოზების დადგენა საჭიროა ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის შედეგების მიხედვით.

საორიენტაციოდ, ყოველწლიურად საჭიროა მოცხარის პლანტაციაში შეტანილი იქნას:

  • სუპერფოსფატი: 100-200 გრ. ერთ ბუჩქზე
  • კალიუმის ქლორიდი: 30-40 გრ. ერთ ბუჩქზე
  • აზოტიანი სასუქი: 40-50 გრ. ერთ ბუჩქზე.

მინერალური სასუქების შეტანის ოპტიმალური პერიოდები:

  • აზოტი N  – 40% – აპრილში, 30% – ყვავილობის დასასრულს, 30%- შემოდგომაზე
  • ფოსფორი P – შემოდგომაზე.
  • კალიუმი K – შემოდგომაზე.

გარდა ამისა, აუცილებელია პლანტაციაში გადამწვარი ნაკელის, ტორფისა და თივის ნარევით მულჩირება, 8-10 სმ-ის სიმაღლეზე. მუჩირება უნდა განხორციელდეს შემოდგომის, ან გაზაფხულის პერიოდში.

სხვლა-ფორმირება. შავი მოცხარის ბუჩქის ფორმირებას საჭიროა დაიწყოს დარგვის შემდეგ, მომდევნო გაზაფხულზე. ერთღეროიან ნერგები მოკლდება 2-4 კვირტამდე, სუსტი მცენარეები კი უფრო მეტად უნდა დამოკლდეს. თუ მუხლთშორისები მოკლეა, მაშინ შეიძლება დატოვილი იქნას მეტი რაოდენობის კვირტები.

თანაბრად მზარდი ორღეროიანი მცენარეს იჭრება ერთ ან ორ კვირტზე, თუ ნერგის ტოტები არათანაბრად მზარდია, სუსტი უნდა დამოკლდეს ერთ კვირტამდე, ხოლო ძლიერი კი უნდა დამოკლდეს ორ კვირტამდე.

დარგვიდან მეორე წელს ტარდება ზამთრის სხვლა. ამ ოპერაციის ჩატარების წესი დამოკიდებულია ბუჩქის მდგომარეობასა და ძალაზე. კარგად განვითარებულ ბუჩქებში არჩევენ 3-4 თანაბარზომიერად განლაგებულ ძირითად ტოტებს (მსხმოიარე ტოტებად), ხოლო დანარჩენ ტოტებს კი ძირში ჭრიან. მსხმოიარობისთვის დატოვებული ტოტებს ისე უნდა გაისხლას, რომ მათი წვერები ერთ დონეზე იყოს.

სუსტ ბუჩქებს, რომლებსაც 1-3 ტოტი აქვს, მსხმოიარე ტოტებს არ უტოვებენ და არსებულ ტოტებს ამოკლებენ 2-3 კვირტამდე. საშუალოდ-ძლიერი ზრდის ბუჩქებზე მსხმოიარობისთვის ტოვებენ 1-2 ტოტს.

დარგვიდან მესამე წელს ბუჩქს დამატებით 2-3 ძირითად ტოტს უტოვებენ, დანარჩენს აცილებენ და შემდეგ ამოკლებენ ცალკეულ ტოტებს ისე, რომ ბუჩქის ორივე მხარეს ტოტების მეტ-ნაკლებად თანაბარი რაოდენობა დარჩეს.

კარგი მოვლისა და სწორი სხვლის პირობებში მესამე წლის დამლევს ბუჩქი უკვე ჩამოყალიბებულია. სწორედ ჩამოყალიბებული შავი მოცხრის ბუჩქი შედგება 2-3 ერთწლიანი, ამდენივე ორწლიანი და სამწლიანი ძირითადი ტოტებისაგან.

გასხვლის საორიენტაციო სურათები სხვადასხვა სიდიდის მცენარეებისათვის

მოცხარის მორწყვა. მოცხარი ტენისადმი ყველაზე მომთხოვნია ნაყოფის ფორმირების და დამწიფების პერიოდში. მორწყვის საორიენტაციო ჯერადობა დამოკიდებულია უშუალოდ ნაკვეთში არსებულ კლიმატურ პირობებზე და ნიადაგის ტენიანობაზე.
საშუალოდ, წვეთოვანი სისტემით მორწყვისას ერთი მორწყვის საორიენტაციო ნორმა არის 30-50 კუბ./მ 1 ბუჩქზე.
მოცხარის მორწყვა ასევე შესაძლებელია კვლებში წყლის მიშვებით.

მოსავლის აღება-შენახვა

მოცხარი ხელით იკრიფება. მოკრეფა ნაყოფების მომწიფებისთავე უნდა დაიწყოს. კრეფენ მშრალ ამინდში. მოცხარი მტევნებად იკრიფება, ნაყოფების დაზიანების გარეშე. დაგვიანება გამოიწვევს ნაყოფების დაცვენას, მოსავლის შემცირებას, პროდუქციის ხარისხის გაუარესებას. როგორც წესი, იკრიფება წითელი მოცხარის მთელი მტევანი, რადგან თანამედროვე ქვესახეობებს მტევანში ყველა ნაყოფის თანაბარი დამწიფება ახასიათებს. შავი მოცხარი, რომელსაც დამწიფებისას აქვს გაუმჭვირვალე ძალიან მუქი ლურჯი ფერი და ხსნადი მყარი ნივთიერებების 15 – 26% შემცველობა, თანაბრად არ მწიფდება მტევნის ფარგლებში. პირველად მწიფდება მტევნის ძირზე განლაგებული მსხვილი ნაყოფი (შეიძლება მოიკრიფოს ან მთლიანი მტევანი ან მხოლოდ რამდენიმე დამწიფებული ნაყოფი).
ერთ მკრეფავს დღის მანძილზე 20-30 კგ ნაყოფის მოკრეფა შეუძლია. გადასაზიდად მიზანშეწონილია ნაყოფები 3-6 კგ-იან ყუთებში ან კალათებში მოთავსდეს.
მოცხარი 1°С ტემპერატურის და 80-85% ჰაერის შეფარდებითი ტენიანობის პირობებში ორ თვემდე ინახება.

მოცხარის პლანტაციის გაშენების და მოვლის საორიენტაციო აგროკალენდარი

სამუშაოს/მასალის დასახელება შესრულების დრო

თვეები

შენიშვნა
ნიადაგის ანალიზი IX-X  
მოხვნა IX-X  
ძირითადი განოყიერება IX-X  
კულტივაცია-გაფხვიერება II-III  
ნერგის ყიდვა III ერთ ჰა-ზე საშუალოდ 3400 ნერგი
სარგავი ორმოების ამოღება და დარგვა III  
წამლობები მავნებელ-დაავადებების დასარეველების წინააღმდეგ III-V  
მცენარის დამატებითი გამოკვება მინერალური სასუქებით IV-IX  
გასხვლა III ტარდება დარგვის მომდევნო წელს
რიგთაშორისების კულტივაცია III-IV  
მორწყვა IV-IX  
მოსავლის აღება-გადაზიდვა VI-VII

წყარო: 

საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობა