ნინო წილოსანი: „ჩვენ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები იქნება რეალური საფუძველი იმისთვის, რომ უფრო მეტმა ქალმა მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფოს ეკონომიკურ პროგრამებში“

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფმა – „სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა“ მორიგი ზეპირი მოსმენა ჩაატარა.
დღეს, თემატური მოკვლევის ჯგუფმა ფერმერ ქალთა ასოციაციას, საქართველოს ფერმერთა ასოციაციას, გაეროს ქალთა ორგანიზაციას (UN Women) და შპს „ანასტასიას“ მოუსმინა.

მომხსენებლებმა გამოთქვეს მოსაზრებები და რეკომენდაციები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეკონომიკური პროგრამების ქალებისთვის ხელმისაწვდომობაზე. მომხსენებლებმა თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრების კითხვებს უპასუხეს. 

ზეპირ მოსმენაში მონაწილეობა მიიღეს თემატური ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა ნინო წილოსანმა და ჯგუფის წევრებმა – დიმიტრი ცქიტიშვილმა და ირინე ფრუიძემ.

თემატური მოკვლევის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები და დასკვნა, საბოლოო ჯამში, მიმართული იქნება გამოვკვეთო პრობლემები, რომლებიც ქალებს ხელს უშლის მონაწილეობა მიიღონ ეკონომიკურ პროგრამებში. მაგალითად, ისეთი, როგორიც არის: თანადაფინანსების არსებობა, რაც ქალებისთვის გაცილებით უფრო მძიმე ტვირთია, ვიდრე კაცებისთვის; მიწის, როგორც ქონების თანამფლობელობა, რომელიც ერთ-ერთი წინაპირობაა მაგალითად, სოფლის მეურნეობის პროგრამებში და ა.შ. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები იქნება რეალური საშუალება და საფუძველი იმისთვის, რომ უფრო მეტმა ქალმა მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფოს ეკონომიკურ პროგრამებში“, – განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას თემატური ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა, ნინო წილოსანმა.

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ 2018-2020 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის საფუძველზე, დაიწყო თემატური მოკვლევა სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობის შესახებ.

თემატური მოკვლევის ჯგუფის მიზანია ეკონომიკურ გაძლიერებაზე მიმართული სახელმწიფო პროგრამების ანალიზი გენდერულ ჭრილში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობისთვის.
საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო თემატურ მოკვლევებს ახორციელებს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.