ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე

ბიოგრაფია

“ფერმერ ქალთა ასოციაციის” თავმჯდომარე და “საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის” პრეზიდენტი ირინე ფხოველიშვილი დაიბადა  1961 წლის 11 მაისს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში.

1978 წელს დაამთავრა ვაქირის საშუალო სკოლა. 1979 წლიდან 1984 წლამდე სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე. სწავლის პარალელურად მუშაობდა საქართველოს მონკავშირის პრეზიდიუმში.

1985 წლიდან 1990 წლამდე მუშაობდა კავკასიის მინერალოგიის ნედლეულის ინსტიტუტში აეროკოსმოსური სურათების დეშიფრირების განყოფილების მეცნიერ თანამშრომლად.

სწავლისა და მუშაობის პარალელურად იგი აქტიურად იყო ჩართული საქართველოში მიმდინარე ეროვნული მოძრაობის აქტივობებში. 1988 წლიდან სიძის მკვლელობის შემდეგ, იგი სათავეში ჩაუდგა შვილმოკლული დედების აქციას და გახდა 47 შვილმოკლული დედის წარმომადგენელი სპეციალურ საგამოძიებო ჯგუფში, რომელიც შეიქმნა იმ პერიოდის საქართველოს ხელისუფლების მიერ და აერთიანებდა იურისტებსა და საზოგადო მოღვაწეებს. კომისიაში მუშაობის პერიოდში მას მოუწია დაპირისპირებოდა საქართველოს მთავარ პროკურატურასთან.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1991 წელს, ი. ფხოველიშვილი აირჩიეს სოფელ ვაქირის საკრებულოს თავმჯდომარედ და იგი იყო ერთადერთი ქალი საკრებულოს თავმჯდომარე. 1998 წლის არჩევნების დროს სოფელმა ისევ მასზე გააკეთა არჩევანი და 2002 წლამდე იყო სოფ. ვაქირის გამგებელი. მხოლოდ ერთი წლით, 1994-95 წლებში (მხედრიონობის პერიოდი), მოუწია დროებით სამუშაოდ გადასულიყო სიღნაღის რაიონის გამგეობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე. ამის შემდეგ კი ისევ დაუბრუნდა სოფელს. მისი ინიციატივით მოხდა ვაქირის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის ამოქმედება.

2000 წლიდან 2006 წლამდე ირინე ხელმძღვანელობდა საქართველოს ლიდერ ქალთა ასოციაცას, რომელიც დააფუძნეს საქართველოს სხვადასხვა საკრებულოში 1998 წელს არჩეულმა ქალებმა.

2003 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს იყო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. მისი ოპონენტი იყო მთავარი პროკურორის ყოფილი პირველლი მოადგილე, რომლის წინააღმდეგაც წლების განმავლობაში იბრძოდა.

2003 წელიდა ირინე ინტენსიურად ჩაერთო ფერმერულ მეურნეობაში. ამ მიმართულებით ცოდნის მისაღებად და ფერმერული მეურნეობის მართვისთვის საჭირო უნარების შესაძენად, 2008-2013 წლებში, გაიარა სპეციალური კურსები კაჭრეთის კოლეჯის „აისი“ ბაზაზე გაეროს მიერ დაარსებული ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრში. სწორედ აქ დაიბადა იდეა, რომ კურსამთავრებულ ფერმერ ქალებს შეექმნათ გაერთიანება და 2013 წლის 20 ივნისს კახეთის რეგიონის 5 მუნიციპალიტეტის 17-მა ფერმერმა ქალმა დააფუძნა ა(ა)იპი “ფერმერ ქალთა ასოციაცია”. დამფუძნებლებმა ასოციაციის თავმჯდომარედაც ერთხმად აირჩიეს ირინე ფხოველიშვილი და დღემდე ხელმძღვანელობს მას.

ასოციაციის დაფუძნებამდე, მას უწევდა ბრძოლა სამთავრობო სტრუქტურების მხრიდან  სოფელსა და სოფლის მეურნეობის დაკნინებისა და განადგურების მიმართ განხორციელებული აქტივობების წინააღმდეგ, რაც დაიწყო 2004 წლიდან, ხოლო 2010 წლიდან, მას შემდეგ, რაც ნორმად იქცა უცხოელებისთვის ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვა, თანამოაზრეებთან ერთად     ჩამოაყალიბა არაფორმალური მოძრაობა „გადავარჩინოთ მამული“, რომელიც ცდილობდა შეემცირებინა ქვეყნისთვის ეს მძიმე დარტყმა.

2013 წლის 18 სექტემბერს მოძრაობა „გადავარჩინოთ მამულის“ ბაზაზე დაფუძნდა „საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირი“. დამფუძნებლებმა და წევრებმა ირინე ფხოველიშვილი ერთხმად აირჩიეს ორგანიზაციის პრეზიდენტად.

ირინე ფხოველიშვილი არის სხვადასხვა სამთავრობო და არასმთავრობო კომისიისა და სამუშაო ჯგუფის წევრი, არის საქართველოს პარლამენტის რამოდენიმე თემატური ჯგუფის წევრი. 2016 წლიდან 2019 წლამდე იყო საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიურ საბჭოსთან არსებული მიწის ფონდის მართვის მეცნიერული უზრუნველყოფის მუდმივმოქმედი კომისიის წევრი და აქტიური მებრძოლი, რომ კონსტიტუციით აკრძალულიყო სასოფლო-სამეურნეო მიწების  უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვა. 2019 წლიდან კი ირინე არის ამავე აკადემიის სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის წევრი. 2019 წლის 13 დეკემბრიდან არჩეულია საქართველოს ფაზისის აკადემიის ნამდვილ წევრად/აკადემიკოსად.

მისი ინიციატივით შემუშავდა და საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას წარედგინა 2 საკანონმდებლო ინიციატივა, კერძოდ, 2018 წელს კონცეფცია „ფერმერის, ფერმერული მეურნეობისა და აგროსექტორის ინვესტორის სტატუსების განსაზღვრის შესახებ“ და 2019 წელს რეკომენდაცია „მიწის ფონდის მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ“. 2019 წლის ოქტომბრიდან, სოფლისა და სოფლის მეურნეობის დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით ტელეკომპანია GMTV-ში გააკეთა საავტორო გადაცემა „სახელმწიფო და ფერმერი“.

You need to add a widget, row, or prebuilt layout before you’ll see anything here. 🙂