„ფერმერ ქალთა ასოციაციის“ წარმომადგენლებმა სამცხე–ჯავახეთში მცხოვრებ ფერმერებთან DCFTA-ს შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს

 19 ნოემბერს, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ფერმერ ქალთა ასოციაციამ,  საჯარო შეხვედრა გამართა. 

“ფერმერ ქალთა ასოციაციის” თავმჯდომარის ირინა ფხოველიშვილის თქმით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) ყველა ფერმერისთვის მნიშვნელოვანია: „ევროპის ბაზარი ჩვენი ფერმერებისთვის მისაღებიცაა და საინტერესოც. თუმცა, ჯერ საკუთარი ბაზარი უნდა ავითვისოთ, ჩვენი წარმოებული პროდუქცია მხოლოდ 18 % ფარავს ადგილობრივი ბაზრისას. ასევე, ევროპის ბაზარზე გასასვლელად აუცილებელია საკუთარი პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესებაც“. 

შეხვედრის მონაწილეებმა სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზეც ისაუბრეს, ასევე, ყურადღება გაამახვილეს ცხოველთა ფერმების თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მოწყობაზეც. 

„სამწუხაროდ ჩვენ ვერ დავნერგავთ ყველა ფერმაში იმ ინოვაციებს და იმ რეგლამენტებს, რომლებსაც ითხოვს ევროპის ბაზარი. არის ფერმები, სადაც არც დენია და არც გზა. ასეთ შემთხვევებში ძალიან რთულია ისაუბრო ახალ ტექნოლოგიებზე, მაგალითად ვერ გადახვალ ელექტრო წველაზე. ჩვენ გვაქვს სახელმწიფოსთან რეკომენდაციები ამის შესახებ, სოფლებში აუცილებელია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება“.