ფერმერ ქალთა ასოციაციის სტრატეგია

საქართველოს ფერმერ ქალთა წინაშე არსებული გამოწვევების წარმატებით დაძლევის მიზნით გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში“ მოხდა   „ფერმერ ქალთა ასოციაციის“ (შემდგომში: „ასოციაცია“ ან „ორგანიზაცია“) ჩამოყალიბების მხარდაჭერა, რაც მოტივირებული იყო დარგში არსებული პრობლემების მოგვარებაში  ქალების აქტიური ჩართულობით, მათთვის შემოსავლების მიღების დამატებითი წყაროს გაჩენით და მათი უფლებების და ინტერესების დაცვის უზრუნველყოფით.

ასოციაცია მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებულ ქალთა საქმიანობის ხელშეწყობას   და თავისი მიზნების მისაღწევად მზადაა ითანამშრომლოს ნებისმიერ სამთავრობო/არასამთავრობო სტრუქტურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ასოციაციას, განსაკუთრებით  მჭიდრო ურთიერთობა ექნება ფერმერებთან, სპეციალისტებთან, ადგილობრივ თვითმმართველობებთან, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, სოფლის მეურნეობის დარგში მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

ქვეყანას გააჩნია   დიდი პოტენციალი ფერმერი ქალების სახით, რომელთაც შესწევთ უნარი, აქტიურად ჩაერთონ სოფლის მეურნეობაში მიმდინარე პროცესებში და ხელი შეუწყონ   მის განვითარებას.

 

ფერმერ ქალთა ასოციაცია სრულად და თანაბრად არის ჩართული სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ხელშეწყობის პროცესებში.

 

მისია

ასოციაციის წევრების გაძლიერება, მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვა.

ასოციაციის ძირითადი ღირებულებები

 

ასოციაციის არსებობის ნებისმიერ ეტაპზე მნიშვნელოვანია ზუსტად იყოს განსაზღვრული ის ძირითადი ღირებულებები, რაც უზრუნველყოფს ასოციაციის მდგრად განვითარებას და მის აქტიურ როლს სოფლის მეურნეობის განვითარებაში, რაც მიიღწევა წევრების პროფესიული განათლების მიღებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობით და მათ ჩართულობით მნიშვნელოვან ბიზნეს და საზოგადოებრივ ინიციატივებში. ქვემოთ ჩამოთვლილი ღირებულებები წარმოადგენს ორგანიზაციის წარმატებული საქმიანობის საფუძველს, რაც განპირობებული უნდა იყოს ასოციაციის წევრების გუნდური დამოკიდებულებით და ერთობლივი მხარდაჭერით.

 

ასოციაციის კორპორატიულ ღირებულებებს წარმოადგენს:

  • ერთიანობა და გუნდურობა;
  • ურთიერთთანამშრომლობა და ურთიერთდახმარება;
  • თავისუფლება გადაწყვეტილების მიღებაში;
  • მიღებული გადაწყვეტილებების პატივისცემა და შესრულება;
  • ობიექტურობა და სამართლიანობა.