ფერმერ ქალთა ასოციაციის 2017-2020 წლების განვითარების სტრატეგია

 

ფერმერ ქალთა ასოციაციის

 

2017-2020 წლების

 

განვითარების  სტრატეგია

 

 

2017 წ

 

 

 

შინაარსი:                                                                                

 

  1. შესავალი ——————————————————————– 3
  2. ხედვა ———————————————————————— 4
  • მისია ————————————————————————- 4
  1. ასოციაციის ძირითადი ღირებულებები ——————————– 4
  2. ინსტიტუციური თვითშეფასება და გარემოს ანალიზი ————— 4

ინსტიტუციური თვითშეფასება – ძლიერი მხარეები ————————— 5

ინსტიტუციური თვითშეფასება – სუსტი მხარეები ——————————— 5

გარემოს ანალიზი – ხელშემწყობი ფაქტორები ————————————– 5

გარემოს ანალიზი – დამაბრკოლებელი ფაქტორები ——————————– 6

  1. ასოციაციის სტრატეგიული მიზნები და ამოცანები ——————- 5

სტრატეგიული მიზანი 1 —————————————————————- 5

სტრატეგიული ამოცანები ————————————————————– 6

სტრატეგიული მიზანი 2 —————————————————————- 7

სტრატეგიული ამოცანები ————————————————————– 7

სტრატეგიული მიზანი 3 —————————————————————- 8

სტრატეგიული ამოცანები ————————————————————– 8

სტრატეგიული მიზანი 4 —————————————————————- 8

სტრატეგიული ამოცანები ————————————————————– 9

 

 

 

 

 

 

  1. შესავალი

 

 

საქართველოს ფერმერ ქალთა წინაშე არსებული გამოწვევების წარმატებით დაძლევის მიზნით გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში“ მოხდა   „ფერმერ ქალთა ასოციაციის“ (შემდგომში: „ასოციაცია“ ან „ორგანიზაცია“) ჩამოყალიბების მხარდაჭერა, რაც მოტივირებული იყო დარგში არსებული პრობლემების მოგვარებაში  ქალების აქტიური ჩართულობით, მათთვის შემოსავლების მიღების დამატებითი წყაროს გაჩენით და მათი უფლებების და ინტერესების დაცვის უზრუნველყოფით.

ასოციაცია მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებულ ქალთა საქმიანობის ხელშეწყობას   და თავისი მიზნების მისაღწევად მზადაა ითანამშრომლოს ნებისმიერ სამთავრობო/არასამთავრობო სტრუქტურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ასოციაციას, განსაკუთრებით  მჭიდრო ურთიერთობა ექნება ფერმერებთან, სპეციალისტებთან, ადგილობრივ თვითმმართველობებთან, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, სოფლის მეურნეობის დარგში მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

ქვეყანას გააჩნია   დიდი პოტენციალი ფერმერი ქალების სახით, რომელთაც შესწევთ უნარი, აქტიურად ჩაერთონ სოფლის მეურნეობაში მიმდინარე პროცესებში და ხელი შეუწყონ   მის განვითარებას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  1. ხედვა

ფერმერ ქალთა ასოციაცია სრულად და თანაბრად არის ჩართული სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროცესებში.

  • მისია

ფერმერის გაძლიერების ხელშეწყობით სოფლის გაძლიერება და ზრუნვა ჯანმრთელი მომავალი თაობისთვის.

  1. ასოციაციის ძირითადი ღირებულებები

 

ასოციაციის არსებობის ნებისმიერ ეტაპზე მნიშვნელოვანია ზუსტად იყოს განსაზღვრული ის ძირითადი ღირებულებები, რაც უზრუნველყოფს ასოციაციის მდგრად განვითარებას და მის აქტიურ როლს სოფლის მეურნეობის განვითარებაში, რაც მიიღწევა წევრთა ინფორმირებულობით, პროფესიული განათლების მიღებითა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობით და მათ ჩართულობით მნიშვნელოვან ბიზნეს და საზოგადოებრივ ინიციატივებში. ქვემოთ ჩამოთვლილი ღირებულებები წარმოადგენს ორგანიზაციის წარმატებული საქმიანობის საფუძველს, რაც განპირობებული უნდა იყოს ასოციაციის წევრების გუნდური დამოკიდებულებით და ერთობლივი მხარდაჭერით.

 

ასოციაციის კორპორატიულ ღირებულებებს წარმოადგენს:

  • ერთიანობა და გუნდურობა;
  • ურთიერთთანამშრომლობა და ურთიერთდახმარება;
  • თავისუფლება გადაწყვეტილების მიღების დროს;
  • მიღებული გადაწყვეტილებების პატივისცემა და შესრულება;
  • ობიექტურობა და სამართლიანობა.

 

  1. ინსტიტუციური თვითშეფასება და გარემოს ანალიზი

წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული მიზნები, ამოცანები და საქმიანობები სტრატეგიული დაგეგმვის ეტაპზე ჩატარებული ინსტიტუციური თვითშეფასების შედეგებს ეყრდნობა. ასოციაციის წევრებმა თვითშეფასება და გარემოს ანალიზი დაგეგმვის საწყის ეტაპზე ჩაატარეს და შიდა ინსტიტუციური ანალიზის პარალელურად გამოავლინეს ორგანიზაციისაგან დამოუკიდებელი გარეშე ფაქტორები, რომლებიც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ ასოციაციის სამოქმედო გეგმებზე და მის მიერ განხორციელებულ ან მომავალში განსახორციელებელ საქმიანობებზე.

ინსტიტუციური თვითშეფასება –  ძლიერი მხარეები:

  • ასოციაციის წევრების მოტივაციის მაღალი ხარისხი;
  • ორგანიზაციის წევრების გამოცდილება და მაღალი კომპეტენცია სოფლის მეურნეობის სფეროში;
  • ორგანიზაციის მაღალი ცნობადობა
  • კოლეგიური და პოზიტიური ურთიერთობები ორგანიზაციის წევრებს შორის;
  • ასოციაციის წევრების რეპუტაცია და საზოგადოებრივი იმიჯი;
  • ასოციაციის თანამშრომლობითი ურთიერთობები სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან, საინფორმაციო საშუალებებთან და საზოგადოებასთან;
  • სხვადასხვა საქმიანობების განხორციელების შედეგად შეძენილი გამოცდილება;
  • გამგეობის წევრების გუნდური მართვის გამოცდილება;
  • კონტაქტები მეზობელი სახელმწიფოების არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან;

ორგანიზაცია, როგორც განცალკევებული იურიდიული პირი სულ ორი წლის დაფუძნებულია. მიუხედავად მისი არსებობის ხანმოკლე პერიოდისა, აქვს მთელი რიგი მიღწევები, მაგრამ გააჩნია სუსტი მხარეებიც.

 

ინსტიტუციური თვითშეფასება – სუსტი მხარეები:

  • ფინანსური რესურსების სიმწირე;
  • საჭირო ინფორმაციისა და განათლების მიღების ნაკლები შესაძლებლობა;
  • ასოციაციის ნორმალური ფუნქციონირებისათვის სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სიმცირე;
  • წევრებისაგან ინიციატივების ნაკლებობა;
  • საერთაშორისო ინოვაციებისა და ინიციატივების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა;
  • საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობითი ურთიერთობის სირთულე;

 

გარემოს ანალიზი – ხელშემწყობი ფაქტორები:

  • საერთაშორისო ორგანიზაციების დაინტერესება, ქვეყანამ მოახდინოს სოფლის მეურნეობასა და გენდერულ საკითხებში არსებული გამოწვევების დაძლევა;
  • საქართველოს სახელმწიფოს ინტერესი სოფლის მეურნეობაში არსებული ნაკლოვანებების გამოსწორების მიმართ;
  • ქვეყანაში სოფლის მეურნეობის მდგრადობის უზრუნველყოფა;

ასოციაციის პარტნიორული ურთიერთობა  სამთავრობო/არასამთავრობო სტრუქტურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

გარემოს ანალიზი – დამაბრკოლებელი ფაქტორები:

  • აგრარული და გენდერული პრობლემებისადმი მოსახლეობის დიდი ნაწილის ინდიფერენტულობა,  სკეპტიციზმი, ინფორმირებულობის დაბალი დონე;
  • ახალი აგრო წარმოების უნარ-ჩვევების განვითარების საჭიროებისადმი ფერმერების უნდობლობა;
  • ქვეყნის პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური არასტაბილურობა;
  • ეფექტიანი ფერმერული საქმიანობის განხორციელებისათვის შეუსაბამო სამართლებრივი ბაზა;
  • ფერმერული საქმიანობის განხორციელების პროცესში ფერმერის დაცვის სამართლებრივი გარანტიების არ არსებობა;
  • ფერმერის და ფერმერული მეურნეობის სტატუსების არ არსებობა და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა ერთიანი ბაზის არ ქონა.

 

  1. ასოციაციის სტრატეგიული მიზნები და ამოცანები

 

სტრატეგიული მიზანი 1. ასოციაციის ინსტიტუციონალური გაძლიერება და ფინანსური   მდგრადობის უზრუნველყოფა

 

ასოციაციის ინსტიტუციონალური გაძლიერება იქნება ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, რაზეც ორგანიზაციის გამგეობას მოუწევს მუშაობა. საჭირო იქნება ისეთი სტრუქტურის ჩამოყალიბება, რომელიც შეძლებს ზუსტად მოახდინოს რეაგირება ასოციაციის პრიორიტეტებზე და შეძლოს დასახული ამოცანების უკეთ შესრულება. რის  უზრუნველსაყოფადაც უნდა გამოიყენოს წარმომადგენლები მუნიციპალიტეტებში,  მოახდინოს მათი მუშაობის გაუმჯობესება და შეძლოს მაქსიმალურად გამოიყენოს მუნიციპალიტეტებში არსებული ადამიანური რესურსები.

ასოციაცია გეგმავს გაწევრიანდეს ფერმერთა და ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციებში, მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოსა და უცხოეთში მოქმედ  ინსტიტუტებთან და  სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებთან.

 

სტრატეგიული ამოცანები: 

  • ამოცანა 1 . ასოციაციის ორგანიზაციული სტრუქტურის დახვეწა;
  • ამოცანა 2 . ასოციაციის  შესახებ ცნობადობის ამაღლება სამიზნე ჯგუფებთან საინფორმაციო კამპანიის წარმართვით;
  • ამოცანა 3 . ფინანსური დამოუკიდებლობის და მდგრადობის გაზრდის მიზნით საკუთარი მომსახურების შეთავაზებისთვის სერვის პაკეტების შემუშავება;
  • ამოცანა 4 . წევრებთან ურთიერთობის პოლიტიკის განსაზღვრა;
  • ამოცანა 5 .ადმინისტრირების გაუმჯობესება დარგობრივი კომიტეტების შინაგანაწესის შემუშავებით;
  • ამოცანა 6  ფერმერ ქალთა მონაცემთა ბაზის შექმნა და დამუშავება საქართველოს რეგიონების მიხედვით.

 

სტრატეგიული მიზანი 2: სოფლის მეურნეობის განვითარების პროცესში ასოციაციის ჩართულობა

ასოციაცია აქტიურად მიიღებს მონაწილეობას, როგორც რეგიონის, ისე სახელმწიფო დონეზე გამართულ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის პროცესში. აღნიშნული მოიცავს, როგორც საკანონმდებლო რეკომენდაციების მომზადებას, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან მუდმივ თანამშრომლობას. საქმიანობის განხორციელების პროცესში, ორგანიზაცია  მჭიდროდ ითანამშრომლებს საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბება და სოფლის მეურნეობაში არსებული პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობა. ასოციაცია ასევე აქტიურად აპირებს მუშაობის გაგრძელებას მცენარეთა და ცხოველთა დაცვის, ტყის რესურსების შენარჩუნება-აღდგენის, ნიადაგის ეროზიის დაძლევის, გლობალური დათბობისა და ეკოლოგიური ბალანსის საკითხებზე, აგრეთვე ვეტერინარიის და ბიო სასუქების წარმოების მიმართულებით.

მოქმედებს ასოციაციის  მრჩეველთა საბჭო, რომელიც მხარდაჭერას  უწევს  ორგანიზაციას, მის წევრებსა და  ფერმერებს.

 

სტრატეგიული ამოცანები:

  • ასოციაციის მონაწილეობა სოფლის-მეურნეობის საკითხებთან დაკავშირებულ აქტივობებში;
  • თანამშრომლობის გაღრმავება სახელმწიფო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
  • კანონშემოქმედებით საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა;
  • ადვოკატირების პორტფოლიოს შექმნა და პროცედურების განსაზღვრა;
  • ასოციაციის მიმართ რეპუტაციის და ნდობის ამაღლება;
  • ცნობადობის გაზრდის მიზნით ეფექტური თანამშრომლობა მედია საშუალებებთან;
  • რეგიონში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავება.

 

სტრატეგიული მიზანი 3: სოფლის მეურნეობის საკითხებში ფერმერ ქალთა განათლების მიღების და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა

 

ასოციაცია ცდილობს მისი წევრებისათვის შექმნას განგრძობადი ფერმერული განათლების მიღების შესაძლებლობა, უზრუნველყოს მათი კვალიფიკაციის ამაღლება და ფერმერისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება.

 

სტრატეგიული ამოცანები:

  • განგრძობადი ფერმერული განათლების და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის დანერგვა;
  • საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში, გამოფენებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობისთვის მხარდაჭერა/დახმარება;
  • ინფორმაციის, საგანმანათლებლო რესურსების, საკონსულტაციო მომსახურების და სადემონსტრაციო ნაკვეთების ხელმისაწვდომობა;
  • კონსულტანტების და სპეციალისტების მოწვევა ასოციაციის წევრებთან ერთად კონკრეტული საკითხების განსახილველად;
  • ფერმერებისთვის საბაზისო საგანმანათლებლო პროგრამის ადაპტირება და მუშაობა არაფორმალური განათლების აღიარებისთვის;
  • ფერმერებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების მიღებაში დახმარება

 

სტრატეგიული მიზანი 4: ფერმერ ქალთა ინფორმირებულობა და დაინტერესება სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ საკითხებით

 

ასოციაცია მოახდენს ფერმერ ქალთა მობილიზებას, რომელთაც გაეწევათ საინფორმაციო-საკონსულტაციო დახმარება მეწარმეობის განვითარების კუთხით;  განახორციელებს ღონისძიებებს ფერმერი ქალების პროდუქციის გასაღების ბაზრების მოსაძიებლად, განსაკუთრებით ტრადიციული, ენდემური და ბიოორგანული პროდუქტების მიმართულებით. მოახდენს ფერმერების კონსულტირებას და ინფორმირებულობას მათ მიერ წარმოებული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის გაზრდასა და გამოყენებაში.

სტრატეგიული ამოცანები:

  • რეგიონებში ფერმერული მეურნეობით დაინტერესებულ ქალთა მობილიზება;
  • საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;
  • ბიო პროდუქტების წარმოების განვითარებასა და ბიო პროდუქტად აღიარებისთვის კონსულტირება და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
  • ფერმერ ქალთა მოტივაციის ამაღლება და პროდუქციის ეფექტურად რეალიზების მიზნით მათი ინფორმირებულობა;
  • წევრებთან ურთიერთობისა და წევრთა მომსახურების სტრატეგიის განსაზღვრა და სერვისების მიწოდება;
  • ფერმერთა ფორუმისა და ვირტუალური გზამკვლევის შემუშავება.

 

ასოციაცია ყველა ზემოაღნიშნული საკითხების განხორციელების პროცესში პრიორიტეტს მიანიჭებს მთისა და საზღვრისპირა ფერმერებს და გაითვალისწინებს გეოგრაფიულ, სოციალურ და დემოგრაფიულ ასპექტებს.