თხილის უმთავრესი დაავადებები და ბრძოლა მათ წინააღმდეგ

თხილს აზიანებს არაერთი სოკოვანი, ბაქტერიული თუ ვირუსული დაავადება.
სოკოვანი დაავადებებიდან განსაკუთრებით სახიფათო და გავრცელებულია: თხილის ნაცარი, თხილის ტოტების შავი კიბო, თხილის პირისფერი სიდამპლე და თხილის ნაყოფის სიდამპლე.
ბაქტერიული დაავადებათაგან თხილს მნიშვნელოვნად აზიანებს ბაქტერიული სიდამწვრე და ბაქტერიული კიბო.
თხილს ასევე მნიშვნელოვნად აზიანებს ვირუსული დაავადებებიც, რომელთაგან უმთავრესად გავრცელებულია ქლოროზული რგოლური ლაქიანობა.
აღნიშნული დაავადებების გავრცელების წინააღმდეგ საჭიროა ბრძოლის ინტეგრირებული ღონისძიებების განხორციელება: მცენარეული ნარჩენების და დაზიანებული მცენარეების მოცილება-განადგურება, გაშენებისას მცენარეთა შორის საჭირო მანძილების დაცვა, სარეველების დროული მოცილება,  შესაბამისი წამლობების ჩატარება და სხვა მოვლითი ღონისძიებების დროული და ხარისხიანი განხორციელება.

თხილის ნაცარი

გამომწვევი სოკო – Phyllactinia corylia Karst.

დაავადების განვითარების ოპტიმალური პირობები:

  • ტემპერატურა: 20-25°C.
  • ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 75%-ზე მეტი.

დაავადების სიმპტომები. თხილის ფოთლებზე, განსაკუთრებით ქვედა მხრიდან ვითარდება თხელი ნაცრისფერი ფიფქი, დაავადება გრძელდება შუა ზაფხულიდან გვიან  შემოდგომამდე. ფირფიტა ყვითლდება და ადრევე ცვივა. ზედ ემჩნევა მოყვითალო და შავი წერტილები.

სიმპტომების გამოვლენის ძირითადი პერიოდები: ზაფხული, შემოდგომა.

ბრძოლის/პრევენციის ღონისძიებები:

  • ნაკვეთების რეგულარული გაწმენდა ჩამოცვენილი ფოთლების და მცენარეული ნარჩენებისაგან.

ქიმიური კონტროლი. კულტურის განვითარების განსაზღვრულ ეტაპებზე შესაძლებელია გოგირდის, პენკონაზოლის, ტრიფლოქსისტრობინის და პათოგენის წინააღმდეგ ეფექტის მქონე სხვა მოქმედ ნივთიერებათა ფუნგიციდების გამოყენება.

 

 თხილის ტოტების კიბო

გამომწვევი სოკო – Nectria galigena Bres.

დაავადების განვითარების ოპტიმალური პირობები:

  • ტემპერატურა: 20-22°C.
  • ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 85%-ზე მეტი.

დაავადების სიმპტომები. მერქანზე ჩნდება ჩაზნექილი ლაქები და კიბოვანი იარები, რომლებიც ყოველ წელს ახალ-ახალი მიცელიუმით იფარება და კორძები წარმოიქმნება.

სიმპტომების გამოვლენის ძირითადი პერიოდები: გაზაფხული, ზაფხული შემოდგომა, ზამთარი.

ბრძოლის/პრევენციის ღონისძიებები:

  • სანიტარული წესების დაცვა ნაკვეთებში.

ქიმიური კონტროლი. ვეგეტაციის პერიოდში საჭიროა სპილენძის შემცველი ფუნგიციდების გამოყენება.

ხილის პირისფერი სიდამპლე

გამომწვევი სოკო – Nectria galigena Bres.

დაავადების განვითარების ოპტიმალური პირობები:

  • ტემპერატურა: 20-22°C.
  • ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 65%-ზე მეტი.

დაავადების სიმპტომები. დაავადებისათვის დამახასიათებელია ნაყოფზე მოვარდისფრო ფიფქის გაჩენა. გარდა ამისა, დაზიანებული ნაყოფი მწარე გემოს ღებულობს.

დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს შენახვის არასწორი პირობები.

სიმპტომების გამოვლენის ძირითადი პერიოდები: გაზაფხული, ზაფხული შემოდგომა, ზამთარი.

ბრძოლის/პრევენციის ღონისძიებები:

  • შენახვის ოპტიმალური პირობების დაცვა საწყობებში.

ქიმიური კონტროლი. იპროდიონის, პირიმეთანილის და სხვა მოქმედ ნივთიერებათა შემცველი ფუნგიციდებით დამუშავება შესაძლოა აღმოჩნდეს ეფექტური დაავადების წინააღმდეგ.

თხილის ნაყოფის სიდამპლე

გამომწვევი სოკო – Alternaria coryli Israf.

დაავადების განვითარების ოპტიმალური პირობები:

  • ტემპერატურა: 20-22°C.
  • ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 65%-ზე მეტი.

დაავადების სიმპტომები. დაავადებისათვის დამახასიათებელია ნაყოფის გაშავება. გარდა ამისა, ნაყოფი იფარება შავი ხავერდოვანი ფიფქით და დეფორმირდება.

სიმპტომების გამოვლენის ძირითადი პერიოდები: ზაფხული.

ბრძოლის/პრევენციის ღონისძიებები:

  • სანიტარული წესების დაცვა ნაკვეთებში.

ქიმიური კონტროლი. იპროდიონის, პირიმეთანილის და სხვა მოქმედ ნივთიერებათა შემცველი ფუნგიციდებით დამუშავება შესაძლოა აღმოჩნდეს ეფექტური დაავადების წინააღმდეგ.

თხილის ბაქტერიული სიდამწვრე

გამომწვევი ბაქტერია – Xanthomonas  arboricola.

დაავადების განვითარების ოპტიმალური პირობები:

  • ტემპერატურა: 20-28°C.
  • ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 80%-ზე მეტი.

დაავადების სიმპტომები. ფოთოლზე ჩნდება სველი ნეკროზული ლაქები. ტოტებზე ქერქი ფერმკრთალდება და ყლორტები შიშვლდება.

ნაყოფებზე ფორმირდება ჟანგისფერი ლაქები.

სიმპტომების გამოვლენის ძირითადი პერიოდები: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა.

ბრძოლის/პრევენციის ღონისძიებები:

  • დაზიანებული მცენარეული ნარჩენების სისტემატური მოცილება ნაკვეთებიდან.

ქიმიური კონტროლი. დაავადების წინააღმდეგ შესაძლებელია გამოყენებული იქნას 1%-იანი ბორდოს ნარევი, სპილენძის ჰიდროქსიდის და პათოგენის წინააღმდეგ ეფექტის მქონე სხვა მოქმედ ნივთიერებათა ბაზაზე წარმოებული ფუნგიციდები.

თხილის ბაქტერიული კიბო

გამომწვევი ბაქტერია – Pseudomonas syringae Van. Hall.

დაავადების განვითარების ოპტიმალური პირობები:

  • ტემპერატურა: 20-23°C.
  • ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 40-60%.

დაავადების სიმპტომები. ფოთოლი ქლოროზული ხდება და ჭკნება, ადგილი აქვს ყვავილების ჭკნობასა და ნეკროზს. ტოტებზე ქერქი მოწითალო-ყავისფერ იერს ღებულობს, ფესვები ნეკროზირდება და მცენარე ხმება.

სიმპტომების გამოვლენის ძირითადი პერიოდები: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი.

ბრძოლის/პრევენციის ღონისძიებები:

  • დაზიანებული მცენარეული ნარჩენების სისტემატური მოცილება ნაკვეთებიდან.

ქიმიური კონტროლი. დაავადების წინააღმდეგ შესაძლებელია გამოყენებული იქნას 1%-იანი ბორდოს ნარევი, ასევე სპილენძის ჰიდროქსიდის და პათოგენის წინააღმდეგ ეფექტის მქონე სხვა მოქმედ ნივთიერებათა ბაზაზე წარმოებული ფუნგიციდები.

თხილის ქლოროზული რგოლური ლაქიანობა

გამომწვევი ვირუსი – ACLsV.

დაავადების სიმპტომები. ფოთლები მცირე ზომისაა, მათ ზედაპირზე ჩნდება ქლოროზული ლაქები და იწყება ფოთლების დეფორმირება. ასევე ადგილი აქვს ატროფიას და მცენარე ზრდაში ჩამორჩება.

სიმპტომების გამოვლენის ძირითადი პერიოდები: გაზაფხული.

პრევენციის ღონისძიებები:

  • სანიტარული წესების დაცვა ბაღებსა და სანერგეებში.
  • საღი სანერგე მასალის გამოყენება.
  • დაზიანებული მცენარეების მოცილება სანერგეებიდან.

წყარო:   

საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობა