ჟოლოს ძირითადი დაავადებები და ბრძოლა მათ წინააღმდეგ

ჟოლოს აზიანებს არაერთი სოკოვანი, ბაქტერიული თუ ვირუსული დაავადება.
სოკოვანი დაავადებებიდან განსაკუთრებით სახიფათო და გავრცელებულია:ფიტოფტორა, ანთრაქნოზი, დიდიმელა,  მეწამული ლაქიანობა, ყვითელი ჟანგა, სეპტორიოზი, ვერტიცელიოზური ჭკნობა, ნაცარი, სფერულინა და ნაცრისფერი სიდამპლე.
ბაქტერიული დაავადებათაგან ჟოლოსაზიანებს ბაქტერიული სიდამწვრე .
ჟოლოს ასევე მნიშვნელოვნად აზიანებს ვირუსული დაავადებებიც, რომელთაგან უმთავრესად გავრცელებულია ჟოლოს მოზაიკა და ფოთლების დახვევის ვირუსი.

აღნიშნული დაავადებების გავრცელების წინააღმდეგ საჭიროა ბრძოლის ინტეგრირებული ღონისძიებების განხორციელება: მცენარეული ნარჩენების და დაზიანებული მცენარეების მოცილება-განადგურება, გაშენებისას მცენარეთა შორის საჭირო მანძილების დაცვა, სარეველების დროული მოცილება,  შესაბამისი წამლობების ჩატარება და სხვა მოვლითი ღონისძიებების დროული და ხარისხიანი განხორციელება.

ჟოლოს უმთავრესი სოკოვანი დაავადებები

ჟოლოს ფიტოფტორა (ფესვის სიდამპლე)

გამომწვევი სოკოები – Phytophthora spp.

დაავადების განვითარების ოპტიმალური პირობები:

  • ტემპერატურა: 25-27°C.
  • ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 85%-ზე მეტი.

დაავადების სიმპტომები. დაავადების უმთავრეს სიმპტომს წარმოადგენს ყლორტების ბოლოების ხმობა და ღეროს სწრაფი ჭკნობა. დაზიანებული ღეროების ფოთლები ნაადრევად ყვითლდება ან კიდეებზე და ძარღვებს შორის დამწვრობა აღენიშნება. გაყვითლებულ უბნებში ზოგჯერ წარმოიქმნება წითელი ლაქები.

დაავადებული მცენარის ფესვები იღებს მოწითალო-მოყავისფრო შეფერილობას და ვითარდება მათი ნეკროზი.

სიმპტომების გამოვლენის ძირითადი პერიოდები: გაზაფხული, ზაფხული.

ბრძოლის/პრევენციის ღონისძიებები:

  • ნაკვეთების სისტემატური მონიტორინგი და დაავადების გამოვლენის შემთხვევაში დაზიანებული მცენარეების მოცილება ნაკვეთებიდან. აღსანიშნავია რომ თუ დაავადება მოიცავს ნაკვეთის მთლიანი ფართობის 10%-ზე მეტ არეალს, საწარმოო თვალსაზრისით მსგავსი ნაკვეთის შენახვა არახელსაყრელია.

ქიმიური კონტროლი. დაავადების წინააღმდეგ წამლობებისათვის კულტურის განვითარების ეტაპების გათვალისწინებით, შესაძლებელია გამოყენებული იქნას მეფენოქსამის და სპილენძის ოქსიქლორიდის კომბინაციის შემცველი ფუნგიციდები.

ჟოლოს დიდიმელა (ფოთლის ლაქიანობა)

გამომწვევი სოკო – Didymella applanata.

დაავადების განვითარების ოპტიმალური პირობები:

  • ტემპერატურა: 22-25°C.
  • ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 85%-ზე მეტი.

დაავადების სიმპტომები. ახალგაზრდა ღეროებზე და ყუნწებზე ჩნდება მუქი-ყავისფერი, მეწამული, ან მუქი ლურჯი ლაქები და ზოლები. დროთა განმავლობაში ეს დაზიანებები იზრდება და ხდება ღეროს დასკდომა.

დაავადებული მცენარე სუსტდება, ზრდაში ჩამორჩება და ქვეითდება მისი ყინვებისადმი გამძლეობის უნარი.

სიმპტომების გამოვლენის ძირითადი პერიოდები: გაზაფხული, ზაფხული.

ბრძოლის/პრევენციის ღონისძიებები:

  • ღეროების შემცირება და ჰაერაციის გაუმჯობესება.
  • ძლიერ დაზიანებული მცენარეების მოცილება ნაკვეთებიდან.

ქიმიური კონტროლი. დაავადების წინააღმდეგ საჭიროა ჩატარდეს წამლობები, ყვავილობამდე და მოსავლის აღების შემდეგ. წამლობებისათვის გამოიყენება პირაკლოსტრობინის, აზოქსისტრობინის, სპილენძის ჰიდროქსიდის და პათოგენის წინააღმდეგ ეფექტის მქონე სხვა მოქმედ ნივთიერებათა ბაზაზე წარმოებული ფუნგიციდები.

ჟოლოს ანთრაქნოზი

გამომწვევი სოკო – Elsinoe veneta.

დაავადების განვითარების ოპტიმალური პირობები:

  • ტემპერატურა: 21-30°C.
  • ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 80%-ზე მეტი.

დაავადების სიმპტომები. ანთრაქნოზით დაავადებული ჟოლოს ფოთლებზე ჩნდება ასიმეტრიული ფორმის მოყვითალო-თეთრი ფერის ლაქები. დროთა განმავლობაში ლაქა იზრდება ზომაში და მის ირგვლივ ყალიბდება მოწითალო ალისფერი კონტური. ამ პერიოდისათვის ლაქის ცენტრი იღებს  მორუხო შეფერილობას. დაზიანებული ქსოვილი იშლება და შედეგად, ფოთლებზე ჩნდება ნახვრეტები. ამ ფორმით დაზიანებული ფოთლები ნაადრევად ცვივა.

დაავადებულ ღეროზე ჩნდება მცირე ზომის მოწითალო, ან ალისფერი დაზიანებული უბნები. დროთა განმავლობაში დაზიანებული არეალი იზრდება, ოდნავ ამოიზნიქება, მისი ცენტრი იღებს მორუხო შეფერილობას, შემდეგ დაზიანებული უბნის ცენტრი ჩაღრმავდება და სკდება. დაავადების განვითარებისათვის ოპტიმალური პირობების არსებობის შემთხვევაში აღნიშნული სახის დაზიანებული უბნები მრავლდებიან ღეროს ზედაპირზე ერთმანეთს უერთდებიან და წარმოიქმნება დიდი ზომის დაზიანებული ადგილები. ამ ფორმით დაზიანებული ღეროები კარგავენ სიცივისადმი გამძლეობის უნარს და ხმებიან. მათზე განვითარებული ნაყოფი მცირე ზომისაა, მკვრივია, აქვს ჟანგისფერი შეფერილობა და კარგავს სასაქონლო ღირებულებას.

სიმპტომების გამოვლენის ძირითადი პერიოდები: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა.

ბრძოლის/პრევენციის ღონისძიებები:

  • ოპტიმალური კვების არეების დაცვა.
  • ძლიერ დაზიანებული მცენარეების მოცილება ნაკვეთებიდან.

ქიმიური კონტროლი: ადრე გაზაფხულზე დაავადების წინააღმდეგ ეფექტურია 3% – იანი ბორდოს სითხის შესხურება. ვეგეტაციის პერიოდში – ყვავილობამდე და მოსავლის აღების შემდეგ კი მიზანშეწონილია კაპტანის და სპილენძის შემცველი  ფუნგიციდების გამოყენება.

 

ჟოლოს მეწამული ლაქიანობა

გამომწვევი სოკო – Leptospaeria coniothyrium.

დაავადების განვითარების ოპტიმალური პირობები:

  • ტემპერატურა: 26°C-ის ფარგლებში.
  • ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: მაღალი.

დაავადების სიმპტომები. დაავადება აზიანებს ჟოლოს ღეროებს. თავდაპირველად ღეროს ზედაპირზე ჩნდება სხვადასხვა ზომის ყავისფერი უბნები. დროთა განმავლობაში დაზიანებული ადგილები ზომაში იზრდება, ჩადის ღეროს ძირამდე, ან გარს ერტყმის ღეროს. დაავადების ადგილის ზედა მხარეს არსებული ყლორტები ჭკნება. ვითარდება დაზიანებული ღეროს ქერქის ნეკროზი და ქერქი იძენს მუქ-ყავისფერ შეფერილობას.

განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების არსებობის შემთხვევაში დაავადება სრულად აჭკნობს მცენარეს.

სიმპტომების გამოვლენის ძირითადი პერიოდები: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა.

ბრძოლის/პრევენციის ღონისძიებები:

  • ღეროების შემცირება და ჰაერაციის გაუმჯობესება.
  • ბრძოლა სარეველების წინააღმდეგ.
  • მინერალური და ორგანული ნივთიერებების შეტანის ოპტიმალური პერიოდების და დოზების დაცვა.
  • ძლიერ დაზიანებული მცენარეების მოცილება ნაკვეთებიდან.

ქიმიური კონტროლი. ადრე გაზაფხულზე დაავადების წინააღმდეგ ეფექტურია 3% – იანი ბორდოს სითხის შესხურება. ვეგეტაციის პერიოდში – ყვავილობამდე და მოსავლის აღების შემდეგ სპილენძის შემცველი და პათოგენის წინააღმდეგ ეფექტური სხვა მოქმედ ნივთიერებათა ბაზაზე წარმოებული ფუნგიციდების გამოყენება.

ჟოლოს ყვითელი ჟანგა

გამომწვევი სოკო – Phragmidium rubi-ideae.

დაავადების განვითარების ოპტიმალური პირობები:

  • ტემპერატურა: 14-21°C.
  • ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: მაღალი.

დაავადების სიმპტომები. ყვითელი ჟანგას სიმპტომები ყველაზე თვალსაჩინოა ჟოლოს ფოთლებსა და ნაყოფებზე. დაავადება ასევე აზიანებს ყვავილების ჯამებს და ყუნწებს.

დაინფიცირებულ ფოთლებზე ჩნდება მცირე ზომის მეჭეჭები. მათი შიგთავსი გავსებულია მოყვითალო მომარჯინისფრო ფხვნილისებრი ნივთიერებით. ანალოგიური სახის მეჭეჭები ყალიბდება ნაყოფების ზედაპირზე, რის შედეგადაც ნაყოფი კარგავს სასაქონლო ხარისხს.

სიმპტომების გამოვლენის ძირითადი პერიოდები: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა.

ბრძოლის/პრევენციის ღონისძიებები:

  • ნაკვეთების სისტემატური გაწმენდა მცენარეული ნარჩენებისაგან.

ქიმიური კონტროლი. ადრე გაზაფხულზე დაავადების წინააღმდეგ ეფექტურია 3% – იანი ბორდოს სითხის შესხურება. ვეგეტაციის პერიოდში – ყვავილობამდე და მოსავლის აღების შემდეგ სპილენძის შემცველი და პათოგენის წინააღმდეგ ეფექტური სხვა მოქმედ ნივთიერებათა ბაზაზე წარმოებული ფუნგიციდების გამოყენება.

 

ჟოლოს სეპტორიოზი

გამომწვევი სოკო – Septoria rubi.

დაავადების განვითარების ოპტიმალური პირობები:

  • ტემპერატურა: 20-25°C.
  • ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: მაღალი.

დაავადების სიმპტომები. დაავადებული ფოთლის ზედაპირზე ჩნდება თეთრი, რუსი, ან მოყვითალო შეფერილობის ლაქები. დროთა განმავლობაში ლაქის მიერ დაკავებული ფოთლის ქსოვილი იშლება და ფოთლებზე წარმოიქმნება ნახვრეტები. დაავადების მიერ ძლიერ დაზიანებული ფოთლები ნაადრევად ცვივა. ფოთლების ნაადრევი დაცვენა ასუსტებს მცენარეს და ქვეითდება მისი სიცივისადმი გამძლეობის უნარი.

სიმპტომების გამოვლენის ძირითადი პერიოდები: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა.

ბრძოლის/პრევენციის ღონისძიებები:

  • ნაკვეთების სისტემატური გაწმენდა მცენარეული ნარჩენებისაგან.

ქიმიური კონტროლი. ადრე გაზაფხულზე 3% – იანი ბორდოს სითხის შესხურება. ვეგეტაციის პერიოდში ყვავილობამდე და მოსავლის აღების შემდეგ მიზანშეწონილია კაპტანის და  სპილენძის შემცველი  ფუნგიციდების გამოყენება.

 

ჟოლოს ვერტიცელიოზური ჭკნობა

გამომწვევი სოკო – Verticillium dahalie.

დაავადების განვითარების ოპტიმალური პირობები:

  • ტემპერატურა: 18-20°C.
  • ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 80-85%.

დაავადების სიმპტომები. ვერტიცელიოზური ჭკნობის თვალსაჩინო სიმპტომი არის ფოთლების ჭკნობა. თავდაპირველად ფოთლები უფერულდება – იღებს ღია-მწვანე შეფერილობას, შემდეგ კი იწყებს ჭკნობას. ეს სიმპტომი იწყება ქვედა იარუსის ფოთლებიდან და შემდეგ ვრცელდება მცენარის ზედა არსებულ ფოთლებზე. საბოლოოდ შესაძლებელია ფოთლების უმრავლესი ნაწილი დაჭკნეს და მცენარეზე დარჩეს მხოლოდ ღეროს წვერში არსებული რამდენიმე ფოთოლი.

დაავადება ვრცელდება ფესვთა სისტემიდან მცენარის ქსოვილებში. ვერტიცელიოზით დაინფიცირებული მცენარე ზრდაში ჩამორჩება და შესაძლოა სრულად დაჭკნეს.

სიმპტომების გამოვლენის ძირითადი პერიოდებიგაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა.

ბრძოლის/პრევენციის ღონისძიებები:

  • ნაკვეთების სისტემატური გაწმენდა მცენარეული ნარჩენებისაგან.
  • ძლიერ დაზიანებული მცენარეების მოცილება ნაკვეთებიდან.
  • მორწყვის ოპტიმალური რეჟიმის დაცვა.

ჟოლოს სფერულინა

გამომწვევი სოკო – Sphaerulina rubi.

დაავადების განვითარების ოპტიმალური პირობები:

  • ტემპერატურა: 23°C-ის ფარგლებში.
  • ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: მაღალი.

დაავადების სიმპტომები. ფოთლებზე ვითარდება მცირე ზომის ყავისფერი ლაქები. დაავადების განვითარებისათვის ოპტიმალური პირობების არსებობის შემთხვევაში, დაავადებული ფოთლები ყვითლდება, იღებს მოყავისფრო შეფერილობას. ეს სიმპტომები უპირატესად თავდაპირველად ჩნდება მცენარის ღეროს ქვედა იარუსებზე არსებულ ფოთლებზე და შემდეგ ვრცელდება ახალგაზრდა ფოთლებზეც, სადაც ლაქები მუქი-მწვანე შეფერილობისაა.

დაავადებული ფოთლები ნაადრევად ცვივა.

სიმპტომების გამოვლენის ძირითადი პერიოდები: ზაფხული.

ბრძოლის/პრევენციის ღონისძიებები:

  • ნაკვეთების სისტემატური გაწმენდა მცენარეული ნარჩენებისაგან.
  • მცენარეთა შორის ოპტიმალური კვების არეების დაცვა.

ქიმიური კონტროლი. ადრე გაზაფხულზე ეფექტურია 3% – იანი ბორდოს სითხის შესხურება. ვეგეტაციის პერიოდში – ყვავილობამდე და მოსავლის აღების შემდეგ კი წამლობა შესაძლებელია ჩატარდეს სპილენძის შემცველი და პათოგენის წინააღმდეგ ეფექტური სხვა მოქმედ ნივთიერებათა ბაზაზე წარმოებული ფუნგიციდებით.

 

ჟოლოს ნაცარი

გამომწვევი სოკო – Sphaerotheca macularis.

დაავადების განვითარების ოპტიმალური პირობები:

  • ტემპერატურა: 15-20°C.
  • ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 75-98%.

დაავადების სიმპტომები. ნაცრით დაავადებული მცენარის ფოთლების ზედაპირზე ჩნდება ღია-მწვანე ფერის ქლოროზული ლაქები. ფოთლის ქვედა მხარეს, ლაქის გასწვრივ, ხშირ შემთხვევებში ვითარდება თეთრი ფერის ნადები. გარდა ამისა, დაავადებას ახასიათებს ფოთლების დახვევა.

სიმპტომების გამოვლენის ძირითადი პერიოდები: გაზაფხული, ზაფხული.

ბრძოლის/პრევენციის ღონისძიებები:

  • ნაკვეთების სისტემატური გაწმენდა მცენარეული ნარჩენებისაგან.
  • დაავადებული ყლორტების მოცილება ნაკვეთებიდან.
  • ოპტიმალური კვების არეების შერჩევა.

ქიმიური კონტროლი. დაავადების წინააღმდეგ წამლობისათვის გამოიყენება ტიფლოქსისტრობინის, პენკონაზოლის, დიფენოკონაზოლის და პათოგენის წინააღმდეგ ეფექტური სხვა მოქმედ ნივთიერებათა ბაზაზე წარმოებული ფუნგიციდები. წამლობები ტარდება ყვავილობამდე და მოსავლის აღების შემდეგ.

ჟოლოს ნაცრისფერი სიდამპლე

გამომწვევი სოკო – Botrytis cinerea.

დაავადების განვითარების ოპტიმალური პირობები:

  • ტემპერატურა: 15-24°C.
  • ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 90%.

დაავადების სიმპტომები. ნაცრისფერი სიდამპლე უპირატესად ვითარდება მოსავლის აღების შემდეგ. ამ დროს ჟოლოს ნაყოფებზე ჩნდება ნაცრისფერი ნადები და ნაყოფი იწყებს ლპობას. დაავადება სწრაფად ვრცელდება და შეიძლება გამოიწვიოს მოსავლის უდიდესი ნაწილის დალპობა.

ნაცრისფერი სიდამპლისათვის ასევე დამახასიათებელია ყავისფერი დაზიანებული უბნების გაჩენა ღეროს ზედაპირზე.

სიმპტომების გამოვლენის ძირითადი პერიოდები: ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი.

ბრძოლის/პრევენციის ღონისძიებები:

  • მოსავლის აღების ოპტიმალური ვადების დაცვა – დაუშვებელია ჟოლოს გადამწიფება.
  • სისტემატური მონიტორინგი და დაავადებული ნაყოფების დროული მოცილება საწყობებიდან
  • შენახვის ოპტიმალური პირობების დაცვა.

ქიმიური კონტროლიდაავადების წინააღმდეგ სიმწიფის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს წამლობები, რისთვისაც გამოიყენება ფენჰექსამიდის, ფლუდიოქსონილი+ციპროდინილი კომბინაციის და პათოგენის წინააღმდეგ ეფექტური სხვა მოქმედ ნივთიერებათა ბაზაზე წარმოებული ფუნგიციდები.

ჟოლოს ბაქტერიული დაავადებები

ჟოლოს ბაქტერიული სიდამწვრე

გამომწვევი ბაქტერია – Erwinia amylovora. 

დაავადების განვითარების ოპტიმალური პირობები:

  • ტემპერატურა: 18-20°C.
  • ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა: 70% და მეტი.

დაავადების სიმპტომები. ღეროს ბოლოებზე და განვითარებად გვერდით ყლორტებზე ვითარდება სველი დაზიანებული უბნები. დროთა განმავლობაში უბნები იზრდება, ჩარღმავდება შიგთავსში და იძენს მუქ შეფერილობას. მოგვიანებით დაავადების შედეგად ღეროზე წარმოიქმნება დანეკროზებული უბნები, ღერო შავდება და იღუნება.

ბაქტერიული სიდამწვრით დაავადებული ნაყოფი ყავისფერი შეფერილობისაა, არ ცვივა. თუმცა მას დაკარგული აქვს სასაქონლო ხარისხი.

სიმპტომების გამოვლენის ძირითადი პერიოდები: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი.

ბრძოლის/პრევენციის ღონისძიებები:

  • ძლიერ დაავადებული მცენარეების მოცილება ნაკვეთებიდან.
  • საღი სანერგე მასალის გამოყენება.

ქიმიური კონტროლი. დაავადების წინააღმდეგ ადრე გაზაფხულზე გამოიყენება 3% – იანი ბორდოს სითხე, ხოლო ვეგეტაციის პერიოდში ყვავილობამდე და მოსავლის აღების შემდეგ კი ეფექტურია სპილენძის შემცველი ფუნგიციდების შესხურება.

ჟოლოს ვირუსული დაავადებები

ჟოლოს მოზაიკა

გამომწვევები – მოზაიკის გამომწვევი ვირუსების კომპლექსი.

დაავადების სიმპტომები. დაავადებული მცენარის ფოთოლზე ჩნდება ყვითელი ლაქები. დროთა განმავლობაში ფოთოლი დეფორმირდება – იღებს ჯამისებურ ფორმას, ზედაპირზე ფორმირდება სზვადასხვა ზომის ბუშტუკები.

ყლორტის ბოლოები ხმება, ღეროების ზრდა ფერხდება.

სიმპტომების გამოვლენის ძირითადი პერიოდიგაზაფხული, შემოდგომა.

პრევენციის ღონისძიებები:

  • ძლიერ დაზიანებული მცენარეების მოცილება ნაკვეთებიდან.
  • ნაკვეთების სისტემატური გასუფთავება მცენარეული ნარჩენებისაგან.

ჟოლოს ფოთლის დახვევის ვირუსი

გამომწვევი ვირუსი – RLCV.

დაავადების სიმპტომები. დაავადებას ავრცელებს ჟოლოს მავნებელი მწერი – მცირე ჟოლოს ბუგრი. ფოთლების დახვევის ვირუსით დაავადებული ჟოლოს ფოთოლი ჩვეულებრივზე უფრო მცირე ზომისაა, აქვს მუქი-მწვანე შეფერილობა და დახვეულია შიგნით, ქვედა მიმართულებით.

დაავადებული ყლორტები თავდაპირველად ბაცი-მოყვითალო მწვანე ფერისაა. ზრდის პროცესის პარალელურად ყლორტები იღებენ მუქ-მწვანე შეფერილობას. ასეთი ყლორტი მყიფეა – ადვილად იმტვრევა.

მცენარეზე არსებული მსხმოიარე გვერდითი ყლორტები ჩვეულებრივზე მოკლე და ვერტიკალურია.

დაავადებული ნაყოფი მცირე ზომისაა, მშრალია და ადვილად იფშვნება.

სიმპტომების გამოვლენის ძირითადი პერიოდი: გაზაფხული, შემოდგომა.

პრევენციის ღონისძიებები:

  • ძლიერ დაზიანებული მცენარეების მოცილება ნაკვეთებიდან.
  • ნაკვეთების სისტემატური გასუფთავება მცენარეული ნარჩენებისაგან.
  • ბრძოლა ბუგრების წინააღმდეგ.

წყარო: áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველოს აგრარიკოსთა მოძრაობა