მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფორუმი საგურამოში

  

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სოფელ საგურამოში  მიწის სისტემური  რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ფორუმი გამართა.  პროექტის შესახებ ინფორმირებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდის მიზნით

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ფორუმზე ადგილობრივ მოსახლეობას კერძო, საერთაშორისო და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეხვდნენ.  თითოეულ მონაწილე ორგანიზაციას  საინფორმაციო კუთხე და საპრეზენტაციო დრო დაეთმო. მათ სპეციალურად მოწყობილ პავილიონებში  მოსახლეობას სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტთან მიმართებაში საკუთარი პროგრამები გააცნეს.

„ფერმერი ქალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგისტრირებული მიწაც და ქონებაც, იმდენად რამდენადაც რეგისტრაციის გარეშე ვერ ისარგებლებენ იმ სიკეთეებით, რასაც სახელმწიფო პროგრამები ითვალისწინებს, მათ შორის  აგროკრედიტები, აგროდაზღვევები და სხვა. ამ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან საინტერესო იქნება თუ ეს მთლიანად საქართველოში გავრცელდება“, – განაცხადა „ფერმერ ქალთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირინე ფხოველიშვილმა.

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და ის მიწის რეგისტრაციის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს.

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტით უფასოდაა გათვალისწინებული მიწის რეგისტრაცია და რეგისტრაციისთვის საჭირო მომსახურებები:  უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება და აღრიცხვა, საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება, საკადასტრო მონაცემების ცვლილება, საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დაზუსტება, ნოტარიუსის მიერ მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, მედიაცია და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.